სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ სახელმწიფოს სჭირდება, ხუდონი უნდა აშენდეს

ხუდონჰესის მშენებლობაზე საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, ექსპერტებს და მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს პროექტის მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პროექტის რამდენიმე საკითხს, როგორიცაა განსახლება და ეკოლოგიური ფაქტორი, ეს კვლავ რჩება სადავოდ.

ივანე კიღურაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე:

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი და მისი სარგებელი მაღალი დონის სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ. ყველა პლიუსი და მინუსი უნდა დაიდოს სასწორზე და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ხელაღებით ხუდონჰესის მშენებლობის უარყოფა დაუშვებელია ისევე, როგორც მისი დაჩქარებით მშენებლობა. გადაწყვეტილების მიღება პროექტის ინიციატორებს საფუძვლიანი და ღრმა ანალიზის შემდეგ მოუწევთ. ჩემი პოზიცია ვინმეს თუ აინტერესებს, მხარს ვუჭერ პროექტს, რადგან ეს იქნება ენერგოდამოუკიდებლობისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამისთვის კი ყველა ნიუანსი და დეტალი წინასწარ უნდა გაითვალოს. თავის დროზე ამ ჰესის მშენებლობა ხელაღებით შეაჩერეს და ამან შორს წასული, ძალიან ნეგატიური შედეგი მოგვცა. მიმაჩნია, რომ ყველა უწყება და სპეციალისტი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს ენერგეტიკულ საკითხთან, ხუდონჰესის მშენებლობაში უნდა ჩაერთოს.

ფრიდონ თოდუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოსი:

ხუდონის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული იყო, როდესაც მისი მშენებლობა შეჩერდა. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე აშენებული ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მშენებლობის განახლების თაობაზე მეცნიერებათა აკადემიაში რამდენიმე მოხსენება გაკეთდა. ენერგეტიკის სამინისტრო საფუძვლიანად სწავლობს ამ საკითხს. სპეციალისტების აზრით ეს ეკოლოგიურ კატასტროფებს არ გამოიწვევს და ჩემი აზრით, თუ სახელმწიფოს სჭირდება, ხუდონი უნდა აშენდეს.

ავთანდილ არაბული, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი:

ხუდონის მშენებლობა საკმაოდ დიდი ხნის პრობლემაა. 80–იან წლებში აქტიურად ვიბრძოდით მისი მშენებლობის წინააღმდეგ. ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა მაშინდელი ეროვნული მოძრაობისთვის. მაშინ ხუდონის წინააღმდეგ ბრძოლა იმპერიასთან დაპირისპირებას ნიშნავდა, რადგან ამაში სწორედ იმპერიული ინტერესები იყო ჩადებული. ახლა სხვა ვითარებაა. მე არ ვარ საკითხის სპეციალისტი. როგორც მოქალაქე, საქართველოს ბუნების, თითოეული კუთხის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ენერგეტიკული შიმშილი რომ გვაქვს და ეკონომიკის განვითარება აუცილებელია, ესეც აშკარაა. ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა აიწონ–დაიწონოს. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც ზიანს მოუტანს ქვეყანას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100