სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში გვამი იპოვეს

სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა.

"პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გელა ჯაყელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დედამ ზოია ჯაყელმა განუცხადა, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.
"პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი," – განაცხადა ზოია ჯაყელმა.

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ციხეში მისმა შვილმა მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, იმიტომ, რომ გადასხმის გაკეთება მოითხოვა, ციხის ადმინისტრაციაში კი უარი უთხრეს.
"გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი და თავზე აქვს დაზიანებები. ამას თვითონ ვერ მიიყენებდა, ჩემი შვილი მოკლულია," – აღნიშნა ზოია ჯაყელმა.

მსჯავრდებული გელა ჯაყელი სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა. განცხადება მისი გარდაცვალების შესახებ სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა. გარდაცვლილი კი საკუთარ ოჯახში, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილით მიასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100