სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთმანეთზე საცემრად გაიწიეს
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 19 დეკემბერს კრემლში გამართულ დსთ–ის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს ერთმანეთზე გაიწიეს და კინაღამ ხელის დარტყმაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ მოსკოვურ წყაროზე დაყრდნობით ერთ–ერთი გაზეთი „აიკაკან ჟამანაქი“ წერს. გაზეთის ცნობით, საქმე აუცილებლად ჩხუბამდე მივიდოდა, რომ არა დიმიტრი მედვედევი, რომელმაც სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი გააშველა.
დაპირისპირების მიზეზი დიპლომატთა დაჯილდოვება გახდა. დსთ–ს 20 წლისთავთან დაკავშირებით ჯილდოვდებოდა ყველა ქვეყნის დიპლომატი, რაზეც, სიმბოლურად, ყველა ქვეყნის მეთაურის თანხმობა იყო საჭირო. სომხეთმა შევარშ ქოჩარიანის კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა, როცა საქმე მის დაჯილდოებაზე მიდგა, ილჰამ ალიევი წინააღმდეგი წავიდა. ქოჩარიანი მედლის გარეშე დარჩა, მაშინ როცა სომხეთის წარმომადგენლებს არ დაუბლოკავთ აზერბაიჯანის მიერ დასახელებული კანდიდატის დაჯილდოება.
მოგვიანებით, უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან, ილჰამ ალიევმა ისევ შემოაგდო დაჯილდოების თემა, სარქისიანს კანდიდატის არჩევანი დაუწუნა და ქოჩარიანის მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზაც გამოიყენა.
სერჟ სარქისიანი ვალში არ დარჩენილა და თავის მხრივ, ალიევი და მის აპარატი კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურებაში დაადანაშაულა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ალიევი და სარქისიანი წამოდგნენ, ერთმანეთს რამდენჯერმე უბიძგეს, ბოლოს კი საბრძოლო პოზები მიიღეს. „ბატონებო, ასე არ შეიძლება“, – ჩაერია საქმეში დიმიტრი მედვედევი, მოჩხუბრებს შუაში ჩაუდგა და მაგიდასთან დაბრუნება აიძულა, რის შემდეგაც დსთ–ის საზეიმო რიტუალი გაგრძელდა. გაზეთი წერს, რომ გაბრაზებული ალიევი ტუჩებს იკვნეტდა, სერჟ სარქისიანმა კი აზერბაიჯანელი კოლეგის გასაგონად ჩაილაპარაკა: „მოიცათ, მოვა დრო და კისერს მოგიგრეხთ...“
კომენტარი