სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 წლის ბიჭმა პოლიციის სავარაუდო მუქარის გამო თავი მოიკლა

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციელის მუქარა გახდა - ამის შესახებ “ლიბერალს” გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა. მისივე თქმით, თავის მოკვლამდე დემურ სტურუამ წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს. მეგობრის თქმით, სოფელი საქმის გამოძიებას ითხოვს და გაჩერებას არ აპირებს. იგი ამბობს, რომ წერილში დასახელებული პოლიციელი სამტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელია.

გარდაცვლილის წერილს „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.

შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ორგანიზაცია EMC მათი წარმომადგენლის, გურო იმნაძის თქმით, ისინი ესაუბრნენ ოჯახის წევრებს და რომელთა განცხადებით, პოლიცია მოუწოდებს ოჯახს, არ გაახმაუროს ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ. გურო იმნაძის თქმით, წერილი, სადაც გარდაცვლილი თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს, ოჯახს გადანახული აქვს და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

"ლიბერალი" ცდილობს, შსს-ში გაარკვიოს, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100