ცხინვალში პუტინი და მედვედევი მათი სახელობის ქუჩებით უკვდავყვეს
პოლიტიკური ვაზელინი, როგორც ასეთი, მართლაც რომ არსებობდეს, სავარაუდოდ, ედვარდ ჯაბაევიჩ კოკოითი მის დიდ პარტიას დაუკვეთავდა და არც ტრანსპორტირებისთვის დაიშურებდა თანხას - რა ენაღვლება, რა, ფულს მაინც რუსეთის ბიუჯეტიდან ურიცხავენ.
როცა რუსეთმა „ქართველებისგან იავარქმნილი“ და „მძინარე“ ცხინვალის გამოფხიზლება თუ პირის მობანა-გალამაზება დაისახა მიზნად და ამ მიზნის განსახორციელებლად დიდი რაოდენობით თანხაც გამოჰყო, ერთადერთი, რაც სანაცვლოდ მოითხოვა, „ახალ ცხინვალში“ მოსკოვის რაიონის შექმნა იყო. რასაკვირველია, რუსეთს სჭირდებოდა ოსი ხალხის მხრიდან მათი გადამრჩენისადმი აღვლენილი ღაღადისი სიმბოლურად გამოხატულიყო ცხინვალის ერთ-ერთი რაიონისთვის მოსკოვის სახელის დარქმევაში, რათა მსოფლიოს ენახა, როგორი მადლიერი არიან კავკასიის მცირე ერები იმ რუსეთის, რომელიცა მათ საქართველოს მხრიდან „გადაყლაპვისგან“ იცავს.
არც პუტინი, არც მედვედევი და ზოგადად, არც რუსეთი მუქთად არავის არაფერს აძლევენ, გაცემიდან მცირე სარგებელი მაინც თუ არ მიიღეს. ეს ჭეშმარიტება ყოფით ცხოვრებაში ყველაზე უკეთ ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა გამოსცადეს, მაგრამ დიდ პოლიტიკაშიც იგივე კანონები ვრცელდება: ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სანაცვლოდ რუსეთი სამუდამოდ თუ არა, საბოლოო გამოფხიზლებამდე მაინც იმადლიერებდა ოს ხალხს და, რაც კრემლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ყურებით იჭერდა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რადგან ამხელა თანხაში ხელის ფათურს აუცილებლად მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდევ თანხის ნაწილის ზოგიერთთა ჯიბეში გადანახვა.
ოსი ხალხის სეპარატისტული ნაწილის მადლიერებას რუსეთისადმი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, თავის მხრივ, კიდევ ერთი მლიქვნელური საქციელი წაამატა: ამიერიდან ცხინვალში ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის ქუჩები იარსებებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიიღო ცხინვალის ე.წ. მერიამ. ისიც ცნობილია, რომ ქუჩები ერთმანეთის პარალელურად, „მოსკოვსკი მიკრორაიონში“ განთავსდება.
როგორც რუსი ბლოგერები წერენ, კოკოითი თავიდანვე მიხვდა, რომ ქუჩა კი არა, ქუჩები უნდა მოეძებნა და ცხინვალში ორივე რუსი „გრანდის“ - მედვედევისა და პუტინის სახელობის ქუჩა უნდა ყოფილიყო, თუმცა, ედვარდ ჯაბაევიჩს ჯაფა მაინც დასდგომია: პირადად მისი ინიციატივა ყოფილა, რომ ქუჩები აუცილებლად ერთმანეთის პარალელურად და ერთნაირი სიგრძისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინასწარგანზრახულად თუ უნებლიედ, პუტინის სახელობის ქუჩა მედვედევის ქუჩაზე რამდენიმე ათეული მეტრით გრძელია...
და კიდევ ერთი დეტალი: 2006 წლიდან ცხინვალში იური ლუჟკოვის სახელობის ქუჩაც არსებობს და სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ცხინვალის ცენტრში, ქართველი ჟურნალისტებს, რომლებიც მაშინ ცხინვალში დავდიოდით და არაერთხელ გაგვიშუქებია ოსურ-ქართული მოლაპარაკებები, მუდამ დაგხვედრია უზარმაზარი ბილბორდი, რომელზეც მაშინ მოქმედი რუსეთის პრეზიდენტი იყო გამოსახული და დიდი ასოებით ეწერა: „ვ.ვ. პუტინ - ნაშ პრეზიდენტ!“ სხვათაშორის, კოკოითის მაშინაც პრეზიდენტი ერქვა და თუ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი პუტინი იყო, მაშინ თვითონ რა გამოდიოდა, გაუგებარი რჩებოდა...
კომენტარი