სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Samsung-ი გეგმავს, Apple-ის პლანშეტების ლიდერობას ბოლო მოუღოს

Iphone+: ქართულ ბაზარზე „სამსუნგის“ კონკურენციის არ გვეშინია

Commersant.ge

“სამსუნგი” „ეფლის“ პლანშეტებისთვის კონკურენციის გაწევას ქართულ ბაზარზეც გეგმავს. როგორც სამხრეთ კორეული კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, „სამსუნგის“ „გალაქსი ტაბი“ საქართველოში უკვე იყიდება და კლიენტურის რიცხვის გასაზრდელად გარკვეული დრო სჭირდება.

შეგახსენებთ: მსოფლიო ბაზარზე „სამსუნგი“ პლანშეტების გაყიდვაში „ეფლის“ რეკორდის მოხსნას გეგმავს. სამხრეთ კორეული კომპანიის განცხადებით, „ეფლი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „სამსუნგის“ პლანშეტ „გალაქსი ტაბის“ გაყიდვებს ბლოკავს, თუმცა მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან ამ მოწყობილობების რეალიზაციის 5–ჯერ გაზრდას გეგმავს.ოფიციალური სტატისტიკით, „სამსუნგი“ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პლანშეტების გაყიდვებით მსოფლიოში მე–2 იყო და ბაზრის 16% ეჭირა.

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი „ეფლის“ რეალიზატორები „სამსუნგის“ მხრიდან რეალურ კონკურენციას არ ელოდებიან და საკუთარ უკონკურენტობაში დარწმუნებულნი არიან. „Iphone+“-ში „სამსუნგის“ მხრიდან უახლოეს პერიოდში სერიოზული კონკურენციის შექმნას გამორიცხავენ.კომპანიის მენეჯერის ალექსანდრე რევაზიშვილის განცხადებით, Apple-ის პლანშეტი „სამსუნგის“ „გალაქსისთან“ ბევრი უპირატესობით გამოირჩევა.

„Apple-ის პროდუქციას მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს. ამასთან, „აიპედსა“ და „აიფონში“ შესაძლებელია წიგნების ჩატვირთვა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ეს მოწყობილობები iOS-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს, რომელიც დაცულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამასთან, Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიაში 75 ათასამდე პროგრამაა ჩატვირთული, რაც დღეისათვის კონკურენტებთან შედარებით მაქსიმალური მაჩვენებელია,“ - აცხადებს რევაზიშვილი. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ 100 მომხმარებლიდან, რომელიც „ეფლის“ პროდუქციას ეცნობა, 95 მათგანი იქ შენაძენს აკეთებს. შესაბამისად, რევაზიშვილს „სამსუნგის“ მხრიდან სერიოზულ კონკურენციაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.

„Iphone+“-ის მენეჯერის განცხადებით, ქართველი მომხმარებელი ბოლო პერიოდში აქტიურად რეაგირებს მსოფლიო ტექნოლოგიების სიახლეებზე და მათთან გაყიდვები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქსელში IPad-ის ფასები 1099 ლარიდან იწყება, Iphone კი 999-დან 1329 ლარამდე ღირს.

ბაზარზე Apple-ის პლანშეტის Ipad-ის უპირატესობას მისი კონკურენტიც აღიარებს, თუმცა ამის მთავარ მიზეზად დროის ფაქტორს მიიჩნევს. „სამსუნგის“ ოფიციალური დილერის, კომპანია „ტელეფონის“ საცალო ქსელის მმართველის თამაზ გადელიას თქმით, პლანშეტების ბაზარზე „სამსუნგი“ ახალი შესულია და მომხმარებლის შეძენისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. „რთულია იმის თქმა, რომელი კომპანიის პლანშეტია უკეთესი, თუმცა მიმაჩნია, რომ „სამსუნგის“ მენიუ უფრო მოსახერხებელია, მისი ეკრანი და გრაფიკა კი მაღალი ხარისხით გამოირჩევა,“ - აცხადებს გადელია. მისივე თქმით, „ეფლისა“ და „სამსუნგის“ პლანშეტების ღირებულება ფაქტობრივად იდენტურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100