უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების შესაძენად რეგულაციები იცვლება
საქართველოს მთავრობამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო
მიწის გასხვისების წესების რეგულაციას ეხება. კანონპროექტი მთავრობას იუსტიციის მინისტრმა
წარუდგინა.
თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სოფლის
მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში
მუშაობდა. პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აგრარული
სექტორის ექსპერტები. პოზიციების შეჯერებით შეთანხმება მოხდა ცვლილებების იმ პროექტზე,
რომელიც მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.
ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული
პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში
იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში
და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ
ზონებში ვერცერთი უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო-სამეურნეო მიწას
ვერ შეისყიდის.
სამაგიეროდ, უცხოელს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს
სასოფლო-სამეურნეო მიწას, შეეძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე, რაც ბევრ ჩვენს თანამემამულეს,
რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა
და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს, მათი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით
დატოვებული მიწები მიიღონ საკუთრებაში.
შერეული ქორწინებების შემთხვევაში, როცა ერთი მეუღლე
საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძლება იყოს მეუღლეთა
თანასაკუთრებაში, ხოლო განქორწინების შემთხვევაში, ყოფილ მეუღლეს, რომელიც საქართველოს
მოქალაქეა, ეძლევა უფლება, უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოელი
მეუღლის საკუთრებაში არსებულ მიწას, უცხოელ მეუღლეს კი ეკისრება ვალდებულება, გაასხვისოს
ამგვარი სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ერთად
ქორწინების პირობებში თანასაკუთრებაში.
ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც
დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ
სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი
მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება,
ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი
ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.
ძლიერდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, რათა
დარგობრივ სამინისტროს უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს იმ საიჯარო ვალდებულებების შესახებ,
რაც ამა თუ იმ ინვესტორს ეკისრება. აქვე შემოდის ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და
ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე
დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების
შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან.
კანონში ჩნდება დათქმა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს, უცხოურ
იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში − და ასეთში იგულისხმებიან ის იურიდიული
პირები, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს უცხოელი, ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო
ტიპის მიწა არანაკლებ 5 ჰექტარი და, მაქსიმუმ 100 ჰექტარი. თუმცა, აღსანიშნავია,
რომ სერიოზული საინვესტიციო წინადადებების პირობებში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს
უფლებას, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელი
შეუწყოს და დართოს ნება, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების დეტალური შესწავლის
შემდეგ ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტროებს, რომლებიც
ცვლილებათა ამ პაკეტზე მუშაობდნენ, ცალსახად შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არის ყველაზე
დაბალანსებული მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,
საქართველოს − როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ამავე დროს,
იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს.
კომენტარი