სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იყო ცემა, გისოსები“- წარსულის ტკივილებთან გამკლავებას აქ 20 ბენეფიციარი და 3 „მზის შვილი“ ცდილობს

"ნინი ტაველიძის რეპორტაჟი "ქედლიდან" სპეციალურად დრონი.ჯი-სთვის"

სიღნაღიდან ბოდბისაკენ მიმავალ გზას ჯერ „ქედლამდე“ მივყავართ. ადგილი,რომელიც მოსახლეობამუწყლობის გამო მიატოვა, ახლა გზაა მომავლისკენ იმ ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომსაჭიროებენ.

თემ „ქედელთან“ მიახლოება მძღოლის უთქმელადაც ვიგრძენი, შორიდანვე ჩანდა სიმწვანეში ჩაფლული სამი შენობა.გზაში ბევრნაირი მისალმება მოვიფიქრე,მაგრამ მანქანიდან გადასულს ყველა ერთიანად დამავიწყდა. მოულოდნელ სტუმარს, ღიმილით, ტაშით, ბედნიერი სახეებითა და გაცნობის სურვილით აღსავსე თვალებით ბევრი მელოდებოდა. მათსავით ფერადი ყვავილებით იყო სავსე გარემოც, უცნაურ სიმშვიდეს მოეცვა ირგვლივ ყოველივე.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს იქ პირველად არ ვყოფილვარ, ასე მეგონა დიდი ხნის უნახავ ,მაგრამ კარგ მეგობრებს შევხვდი-მეთქი, თავი უცხოდ არ მიგრძვნია , პირიქით, ყველაზე სასურველი სტუმარი ვიყავი. გულთბილად მიმიპატიჟეს მათივე მოწყობილ სახლში.უხერხულად,მორცხვი სტუმარივით, სკამზე ჩამოვჯექიგარშემო კი მომღიმარი მასპინძლები შემომეხვივნენ.

1999 წელს ცოლ-ქმარმა ლალი ხანდოლიშვილმა და გელა ღლიღვაშვილმა გადაწყვიტეს, ეზრუნათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც მათი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და თემი - "ქედელი" დააარსეს. პირველი შემომწირველი გერმანელი პენსიონერი იყო,რომელმაც პენსიის 4 წლის დანაზოგი მთლიანად გადმოურიცხა. ექვსი წელი სწორედ მისი გადმორიცხული თანხით.ფუნქციონირებდა თემი. დღესდღეობით, აქ სულ 23 ბენეფიციარია.მათგან სამს დაუნის სინდრომი აქვს. მსოფლიომმათ„მზის შვილები“ შეარქვა.

თემის ძირითადი შემოსავლის წყარო შემოწირულობებია. ჰოლანდიაში „ქედელის“ მხარდასაჭერად ფონდი „ქედელიც“ კი დაარსდა, თუმცა, 5 წელია ,რაც ამ ფონდმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სახელმწიფოს ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოყოფილი აქვს არამატერიალიზებული ვაუჩერი 16 ლარის ოდენობით.

თემი „ქედელის“ კიდევ ერთი პრობლემა გაზის გადასახადის ტარიფია.ისინი კომუნალურს,როგორც კომერციული დაწესებულება ისე იხდიან : 85 თეთრს 45-ის ნაცვლად. ფინანსური პრობლემების გარდა, თემი „ქედელის“ ბენეფიციარებისთვის საკუთარი ფინანსების სრულად განკარგვა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების ბოლომდე შეგრძნება უცხო ხილია. ხოლო დასაქმების პრობლემა მათთვის დღემდე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

გვანცა გაბუნია, თემი „ქედელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია,ის აქ სენაკის ბავშვთა სახლიდან მოვიდა. ოჯახმა ის დაბადებისთანავე მიატოვა.4 წლამდე ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდგომ სენაკის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, როგორც თვითონ ამბობს, ამ პერიოდიდან დასრულდა მისთვის ბავშვობა და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. „იყო ცემა, გისოსები, მეორე სართულიდან ფეხით ჩამომკიდებდნენ ხოლმე. მერე სამზარეულოში დავიწყე მუშაობა და აღმოვაჩინე ,როგორი საჭმელიც კეთდებოდა. მე შედარებით კარგად მკვებავდნენ, რადგან უფროსებთან ერთად ვჭამდი. ჩემს თანატოლებს კი იმ სხვა, ცუდი საჭმლით კვებავდნენ“ - იხსენებს გვანცა. თუმცა, უსამართლობას ასე ადვილად არ შეეპუა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შიშის მიუხედავად, სხვაგან გადაყვანა მოითხოვა. სწორედ ასე მოხვდა გვანცა თემ „ქედელში“.თავიდან ყველას მიმართ უნდობლობას იჩენდა, „ქვად ვიქეცი, გავცივდი“. უნდობლობის გასაქრობად 4 წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ხშირად გაქცევაც კი უცდია, ოღონდ არ იცოდა სად მიდიოდა. კოშმარებიც ხშირად ესიზმრებოდა . თუმცა, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა. დღეს ის დამოუკიდებლად პურსაც აცხობს, პროექტებშიც იღებს მონაწილეობას და საკუთარ გამოცდილებას სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსაც უზიარებს.“საჭმლისა და საქმის კეთება , დალაგება, გარეცხვაც შემიძლია.კაფეში ვმუშაობდი ტურისტებს ვემსახურებოდი.ზამთარში წინდებს ვქსოვ და უცხოელებზე ვყიდი, მიღებული ფულით კი ინტერნეტს ვყიდულობ“. გვანცა დედასთან წასვლაზე ოცნებობს,ოღონდ სულ არა, დედა 12 წლის ასაკში თვითონვე მოძებნა,მაგრამ ბიძა მის ნახვას დღემდე უკრძალავს. საუბრის დასასრულს მკითხა ,რატომ დაინტერესდიო? ვუპასუხე ჟურნალისტი ვარ და რეპორტაჟს ვამზადებ-მეთქი. გამიცინა და ჩუმად ისიც გამიმხილა, ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი,ჭორებიც მიყვარსო.

მასპინძლებმა სახელოსნოში, საცხობში და სამხატვრო ოთახშიც შემიყვანეს და თავიანთი ნამუშევრებიც დამათვალიერებინეს. ჩემი ყურადღება კედლებზე ნახატებმა დასახალისო საახალწლო ნომინაციებმა მიიპყრო. მივხვდი,რომ ეს ის ოთახები იყო, სადაც ისინი თვითრეალიზაციას ახდენდნენ. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ნათიამ ქსოვაც კი მასწავლა.ქსოვის გაკვეთილების მერე ფერმაში გადავინაცვლეთ და მოშიებული საქონელიც დავაპურეთ.

ეზოს დათვალიერებას ,რომ მოვრჩით მეორე სართულზე ავედით,სადაც ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი იდგა. გამორკვევის პროცესში ვიყავი,როდესაც ბატონმა გელამ მითხრა,რომ თემი „ქედელის“ ბენეფიციარები კონცერტებსა და გამოფენა-გაყიდვებსხშირად აწყობენ.

მეორე სართულის აივნიდან ორ უცხოელ ახალგაზრდას მოვკარი თვალი და მათკენ გავემართე. როგორც მათთან საუბრიდან გამოვარკვიე , ისინი მოხალისეები იყვნენ გერმანიიდან.

ასტრიდს ივლისში მოხალისედ ყოფნის 1 წელი უსრულდება, როგორც თვითონ ამბობს აქ ყოფნა მას ძალიან მოსწონს,. ფრედი კი ჯერ მხოლოდ მეექვსე თვეა,რაც საქართველოშია. მოხალისეები საზღვარგარეთიდან თემ „ქედელს“ ხშირად სტუმრობენ და ბენეფიციარების მიერ დამზადებულ ხეზე თავიანთ სახელებსაც ხშირად ტოვებენ.

სიღნაღში ფუნქციონირებდა არტ-კაფე ქედელიც ,სადაც ბენეფიციარები საკუთარი თავის რეალიზებას ახდენდნენ, კაფე ტურისტებზე იყო გათვლილი. თუმცა, დიდი კონკურენციისა და სოციალური პასუხისმგებლობების არ არსებობის გამო, კაფემ არსებობა დროებით შეაჩერა.

თამუნა ზუბალაშვილი ეტლით მოსარგებლეა თავდაპირველად ის კასპის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი ის „პირველ ნაბიჯში“ გადაიყვანეს, სადაც მისი ტანჯვა დასრულდა და ბედნიერი ხანა დაიწყო,რომელიც დღეს „ქედელში“ გრძელდება.მიშა თუთბერიძე პირველი ბენეფიციარი იყო,მას მშობლები და ძმა ერთი თვის შუალედში დაეღუპა. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და უამრავ იარას ატარებს თან.

სამომავლო გეგმებზე კითხვისას ჩემთვის სასიხარულო ამბავიც გავიგე, თემი „ქედელი“ კიდევ ერთი შენობის აშენებას აპირებს, უფრო პატარა ბენეფიციარებისთვის ,რომლებსაც ადრინდელი ასაკიდანვე მოამზადებენ და შეამზადებენ იმისთვის, რომ ზრდასრულ ასაკში ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდნენ არსებულ რეალობას მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე.

გამომშვიდობების დრო დადგა. დამშვიდობების სითბოს ყველა თავისებურად გამოხატავდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის მაინც დათუნას დამშვიდობება იყო, გადამეხვია და ენის ბორძიკით მითხრა „შუპერ გოგო ხარო“.

მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი როგორც წესი უკან არ ვიხედები ხოლმე, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო, მათი მომღიმარი სახეები , მომლოდინე და გულწრფელად დაქნეული ხელები მანამდე ჩანდა, სანამ მანქანა მათ თვალსაწიერს არ მოეფარა.

წარსულის ტკივილებთან გამკლავების მუდმივ ჭიდილშია აქ 20განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი და 3 „მზის შვილი“, ისინი ცდილობენ იყვნენ უზომოდ ბედნიერი იმ რეალობით, რომელსაც „ქედელი“ უქმნის და იმედის თვალებით უყურებენ მომავალს, რომელიც შენობის ფანჯრებიდან, მზესავით ნათელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100