სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ონლაინ სესხების ასოციაცია რეგულაციებს არ ეწინააღმდეგება

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში, ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების მისამართით განსაკუთრებით გახშირდა ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი უაპელაციო განცხადებები, როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, ისე თავად საფინანსო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლის და ცალკეული ანგაჟირებული ჯგუფების თუ ინდივიდების მხრიდან. ვრცელდება აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაციები და სისტემატურ სახეს იღებს ზოგადად ბიზნესის ამ მიმართულებაზე არაჯანსაღი შეტევა. მუდმივად სახეზეა პროდუქტის არსის აბსოლუტური გაუცნობიერებლობა და შესაძლო ცალკეული გადაცდომების განზოგადების მცდელობა.

აღნიშნული პროცესი ინსპირირებულია ამ სექტორის მომხმარებელთა იმ ნაწილის მიერ, რომლებიც ვერ ახერხებენ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს ეს საზოგადო პრობლემაა. თავის მხრივ, ცალკეული პიროვნებები თუ ჯგუფები ცდილობენ ამ ფონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და ეწევიან სიცრუის ტირაჟირებას. დღემდე ასოციაცია ცდილობდა არ დაპირისპირებოდა სექტორის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, თუმცა, მისი მასშტაბები უკვე ისეთ დონეს აღწევს, რომ შეუძლებელი ხდება რეაგირების არ მოხდენა.

ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის წინააღმდეგ შეტევამ უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ მასში ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, სუბიექტებიც ჩაერთნენ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომლის წინასაარჩევნო აქტიურობაში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების აკრძალვა ლამის მთავარ მოთხოვნადაა ქცეული.

სამწუხაროდ, გვიხდება ისედაც ცხად მოცემულობაზე მითითება, რომ ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბიზნესი, ისეთივე ბიზნესია, როგორიც საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომელიც ასაქმებს ასეულობით საქართველოს მოქალაქეს და ქვეყანაში შემოაქვს რამდენიმე მილიონიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს ბიზნესი მოქმედებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და წარმოადგენს „ფინტექ“ ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რომელიმე კონკრეტული ლეგალური ბიზნესის აკრძალვის მოთხოვნა ან იმგვარი შეზღუდვების დაწესება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს მისი ოპერირება, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის მტრულ გარემოს ინვესტიციების მოსაზიდად. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები მოქმედებენ საქართველოში არსებული კანონმდებლობის დაცვით, იხდიან გადასახადებს და წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია გათვლილია მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ამ გზით საარჩევნოდ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის გულის მოგებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია აცხადებს საჯაროდ, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და სრულად იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, ასოციაციას სურს საზოგადოებას ამცნოს, რომ უახლოეს დღეებში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის ეგიდით გაიმართება სპეციალური კონფერენცია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება სექტორის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით და მედიისა და ეკონომიკის ექსპერტთა საყურადღებოდ ასევე საუბარი გაიმართება ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკაზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს დღევანდელ სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ამ ბიზნესის მნიშვნელობაზე, - ნათქვამია ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები:

1. vivus.ge

2. netcredit.ge

3. ccloan.ge

4. crediton.ge

5. moneyman.ge

6. emmascredit.ge

7. masesxe.ge

8. minicredit.ge

9. mozo.ge

10. mon.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100