სააკაშვილის განცხადება რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით
რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერვიუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრს დღეს თავად პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადებაც გამოქვეყნდა. სააკაშვილის განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მათ გასაგონად, ვისაც ჩემი გუშინდელი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ (სადაც ვსაუბრობდი ჩემს მცდელობებზე თავიდან აგვეცილებინა ქვეყნის ომით განადგურება) ცდუნება გაუჩნდათ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ევროატლანტიკური იდეალებისა და დასავლეთთან ურთიერთობის მიმართ ჩემი ერთგულება, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის, მით უმეტეს - პრეზიდენტის საქმიანობა მის მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით ჯამდება. პრეზიდენტ შევარდნაძის მუდმივი ყოყმანისა და უმისამართო დრეიფის შემდეგ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნული არის ის ჩანაწერი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში გაჩნდა: „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. ვარდების რევოლუციამდე ასეთ ჩანაწერზე ვარაუდის გამოთქმაც კი დასაცინი გახდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად უკრაინისა და საქართველოს გარდა არცერთ ნატოს კანდიდატ ქვეყანას არ მიუღია წინასწარ ამ ჩანაწერის მსგავსი სიძლიერის მყარი გარიანტია.
ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ 2008 წლის აგვისტოში მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დადგა ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რაც ასევე წარმოუდგენელი იქნებოდა 2004 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების წინა პერიოდის საქართველოში.
საერთაშორისო მხარდაჭერამ ქართული შეიარაღებული ძალების თავდადებასა და ჩვენი მრავალეთნიკური ერის ერთიანობასთან ერთად მოახდინა სასწაული და რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ის, რაც მანამდე ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში განახორციელა - ჩვენი ქვეყნის სახემწიფოებრიობისა და მისი დემოკრატიული წყობის მოსპობა. და თუ გგონიათ, რომ ეს მარტო ჩემი სიტყვებია, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ნატოს გენერალური მდივნის ამ ცოტა ხნის წინ გამოგზავნილ წერილს, სადაც, ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა ნათქვამი. აქვე მინდა აღვნიშნო, ძალიან ვამაყობ, რომ პირველად ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში რამდეჯნერმე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა. საქართველო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გადაყვანილ იქნა ნატოს ასპირანტი ქვეყნების კატეგორიაში.
იმედია, საქართველოს ახალი მთავრობა არა მხოლოდ არ მოკლავს მთელ ამ დიდი პროგრესს, არამედ გააღრმავებს მუშაობას ამ მიმართულებით. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით რეფორმები არა მხოლოდ არ შეჩერდეს, არამედ დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს.
უარი ვთქვათ 2004 წლამდე მდგომარეობაში დაბრუნების მცდელობაზე და ვარდების რევოლუციის შემდეგ შექმნილი ინსტიტუტები კი არ ვანგრიოთ, არამედ გავაუმჯობესოთ, შევავსოთ და უკეთესები დავამატოთ. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას გეოპოლტიკურ საკითხებთან, მოკლე მახსოვრობის მქონე, ჩასაფრებულ ელემენტებს მინდა შევახსენო, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით დატოვა დსთ საქართველომ, სადაც შევარდნაძემ რუსეთის იძულებით შეგვიყვანა, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს გაფორმდა სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩემი და პრეზიდენტ ობამას შეთნხმების შედეგად გავხდით პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელთანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გახსნა დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ვიმეორებ, პირველი ქვეყანა მთელს ევროპაში!
ვისაც ამის დანახვის უნარი აქვს, აუცილებლად დაინახავს და შეაფასებს. დანარჩენს კი ისტორია განსჯის.“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი