სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გამოვიცნოთ ქმარი...

ვინც ამ სათაურში აზრობრივ შეცდომას დაინახავს და იკითხავს, თუ რა გამოცნობა უნდა ქმარს, როდესაც ის უკვე რა ხანია გამოცნობილია, ვამცნობთ, რომ აქ საუბარია არა საკუთარ ქმარზე, არამედ სხვათა ქმრებზე.

ხოლო სხვათა ქმრების ხსენება იმისათვის დაგვჭირდა, რათა შევახსენოთ ძვირფას ქალბატონებს, რომ ფარული ქალური შურის საგანი ხშირად არის ხოლმე სწორედ სხვათა მეორე ნახევრების ის მამაკაცური ღირსებანი, რომლებიც, მათი აზრით, საკუთარ ქმრებს არ მოეპოვებათ. გვინდა გავაფრთხილოთ ეს ქალბატონები - ნუ აღივსებიან შურით და ნუ შენატრიან ქალებს, როდესაც იმ ქალების თანამეწყვილეში გარეგნულად განსხვავებულ თვისებებს შეამჩნევენ - ახსოვდეთ, რომ მამაკაცის სხვადასხვა ყაიდის რადიკალური მოქმედებანი ძალზე ხშირად მათ ფსიქოლოგიურ თავდაცვაზე მიუთითებენ და უმეტესად ამხელენ მათ ნაკლოვანებებს ინტიმურ სარეცელზე. შეგვიძლია მოკლედ დავახასიათოთ ასეთი ფსიქოტიპები:

„ალერსიანი მეოჯახე " –

ქმარი, რომელიც საჯაროდ გამოხატავს განსაკუთრებულ ყურადღებას მეუღლის მიმართ; დაშაქრულად და ენამოჩლექით ელაპარაკება, განსაკუთრებით, ცოლის ნათესავების წინაშე; არ ერიდება გარშემომყოფებს თვით ინტიმური ხასიათის ფერებით; რომელიც მზად არის ჩაენაცვლოს ჯანმრთელად მყოფ მეუღლეს სამზარეულოსა და სააბაზანოს „ენით ლოკვაში" - ნურავის შეშურდება ასეთი ქმრის: უმეტეს შემთხვევაში მას პრობლემები აქვს სარეცელზე და მისი მეოჯახე საქმიანობა არის მოუგვარებელი სექსუალური ურთიერთობის კომპენსაცია.

"სურვილების ამსრულებელი" –

ქმარი - "თოვლის ბაბუა" მზად არის აუსრულოს ცოლს ყველა სურვილი, რა მოთხოვნაც არ უნდა ჰქონდეს მას. იგი ირჯება ისევე, როგორც „თოვლის ბაბუა" პატარა ბავშვის ნატვრების ასრულებისას და ზოგჯერ ამ მოწადინებისას, დიდი ვალებისა და ძალისხმევის ფასად შეუძლებელსაც აღწევს, მოდური ფეხსაცმლიდან დაწყებული - ტურისტული საგზურით დამთავრებული. ეს მეუღლის მეგობრებში დაუფარავ შურს იწვევს, სულ ტყუილად კი - „თოვლის ბაბუა" ხშირად სურვილების ასრულებას ეწევა ქალის მთავარი სურვილის - ინტიმურ ცხოვრებაში დაკმაყოფილების სანაცვლოდ.

ტერორისტი -

ქმარი, რომელიც განთქმულია თავისი სიმკაცრით - ფეხს არ ადგმევინებს ცოლს თავის გარეშე და აჩრდილივით უკან დაჰყვება; კონფიდენციალურად არ დაალაპარაკებს თვით ოჯახის ახლობელ მამაკაცთანაც კი; ასაკში შესვლასთან ერთად განსაკუთრებულად ეჭვიანობს და უთვალთვალებს; ზოგჯერ ფიზიკურ შეხებასაც არ ერიდება; როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, თვით ასეთი ქმრებიც იწვევენ ზოგჯერ შურს, უპიტარესად მათ გარეგნულ ვაჟკაცობასთან დაკავშირებით; არ იციან, რომ ეს „ვაჟკაცობა" უმთავრესად პირობადებულია სისუსტით სამეუღლეო სარეცელზე.

„მოქეიფე-დარდიმანდი"

საქართველოში ლოთები არ არსებობენ. საქართველოში მათ „მოქეიფე-დარდიმანდები" ჰქვიათ, რომლებიც პატივით იშნოვებენ ცნობილ კუპლეტებისეულ შეფასებას, რომლის მიხედვითაც „დოქის ტუჩი ურჩევნიათ ქალისას". ეს სიტყვები, ღვინით გატაცების თანადროულად, იმასაც გულისხმობენ, რომ ისინი საკუთარ ტუჩს ღირსეულად ვერ არგებენ ქალისას (ფრაზის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). და, რადგან ქართველ კაცს ღვინის მსმელობას ადვილად ვერავინ დაუწუნებს, თვალებს უყენებენ მეუღლის დაქალებს, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ეს მსმელ-მჭამელი კაცი ღვინით ავსებს სამეუღლეო სარეცელის სიცარიელეს.

ნარკომანი

ამ კატეგორიისა ნაკლებად შურთ ხოლმე მეუღლის დაქალებს, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი - ნარკომანობის ერთ-ერთი სათავე სწორედ სექსუალური უუნარობაა; მეორეს მხრივ, თუ ეს არ არის პირველსაწყისი მიზეზი - მეორადი აუცილებლად გახდება, რადგან, ნარკოტიკების ზეგავლენით, ყველაზე მაღალი სექსუალური პოტენციის მამაკაციც კი 3-4 წელიწადში ჩამოეწერება ასეთების რიგებიდან; რიგ ქალებში შურის გრძნობას მაინც შეიძლება იწვევდეს ნარკომანთა რისკისადმი დამოკიდებულება - ნარკომანი ყველაზე რისკიანი მამაკაცია სხვა მამაკაცთა შორის - ის ყოველდღე სასწორზე აგდებს საკუთარ სიცოცხლეს და ნემსის წვერით რუსულ „რულეტკას" თამაშობს.

„დონ-ჟუანი"

ეს კატეგორიაც გარკვეული შურის საგანია ქალებს შორის, რადგან მათში ხშირად ცნობილი პოლიტიკოსები და ხელოვნების მუშაკები მოიაზრებიან. ქალებს იზიდავს სნობური ლტოლვა ბომონდისადმი. სიმანამდვილეში „დონ-ჟუანის"ფენომენი სექსოლოგიაში ცნობილია, როგორც ცვედანობისგან თავდაღწევის ფსიქოლოგიური მისწრაფება."დონ-ჟუანი" ფარვანასავით გადადის ერთი ქალიდან მეორეზე და მათ აღტაცებას იწვევს არა მამაკაცური სექსუალური სიძლიერით, არამედ იმ სახელით, რომელიც მასთან ფიზიკურ შეხებამდე განაცდევინებს მათ თვითდაკმაყოფილებას. სხვათა შურის მხილველი მეუღლე არ ამხელს საკუთარი სარეცელის საიდუმლოს.

აზარტული მოთამაშე

სულერთია, რომელ მოთამაშეზეა ლაპარაკი - კაზინოს მუდმივ სტუმარზე, ტოტალიზატორს გამიჯნურებულზე თუ ეზოს „დომინისტზე" . ყველა ეს შემთხვევა შესანიშნავი ჩანაცვლებაა მეუღლის მოვალეობის შემცვლელად. კაზინოებში და ტოტალიზატორებში მთელი დღეღამეობით დაკარგულებთან ერთად, შუაღამემდე დომინოს ორთაბრძოლებში ჩაბმაც უარის თქმაა სარეცელზე. ანალოგიურია ქალის დამოკიდებულებაც - როდესაც თვეში ერთხელ, დომინოს შენახვის შემდეგ ცოტა ადრე ამოდის ქმარი სახლში - ცოლი აუცილებლად დახვდება ან საჭმლის კეთებაში გართული, ან უთოობაში - რა არის, ამ ერთხელაც კი აიცდინოს სექსუალური ურთიერთობა.

საგულისხმოა, რომ დღეს აგრერიგად გავრცელებული ქართველი ქალების „ბეიბისიტერობა" და მიხრწნილი მოხუცების მომვლელობა უცხო ქვეყნებში, უმთავრესად ზემოთ დასახელებული ტიპის მამაკაცების ცოლებზე მოდის და, როდესაც ამ ქალებს უთანაგრძნობენ ქმრისაგან დაშორების გამო, ზედმეტია ეს თანაგრძნობა - მათ უმრავლესობას ქმრებისაგან არასოდეს განუცდიათ ქალის ქალად მქცეველი გრძნობა, თორემ სამეუღლეო სარეცელის აზრის მცოდნე ქალი იოლად ვერასოდეს შეელევა მეუღლეს ფიზიკურად!

ამიტომ, თუ ქალის მეუღლე არცერთ ამ ფსიქოტიპს არ ეკუთვნის და თავადაც ჯერხნობით საქართველოში იმყოფება, შეუძლია იყოს მშვიდად, არ შეშურდეს მეგობარი ქალბატონებისა და მადლიერებით უცქიროს საკუთარ ქმარს, რომლისგანაც სრულყოფილი დედაკაცობა მიმადლებია.

თუ 10-10 პროცენტს შევუსაბამებთ ყველა ზემოხსენებულ მამაკაცთა ჯგუფს, მათი მეუღლეების სახით სწორედ ქალების ის 70% გამოგვივა, რომლებმაც, როგორც სამეცნიერო გამოკვლევები გვიდასტურებენ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უწყიან, რა არის ორგაზმი.

ხოლო, თუ ქალი დანარჩენ 30%-ში შედის, სწორედ ის დროა, მადლობა შესწიროს განგებას და, როგორც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ქადაგებაში ბრძანა პატრიარქმა, ფეხები ბანოს თავის ქმარს.

ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, ბევრს გაახსენდება, რა განგაში ატყდა ინტერნეტ-სივრცეში პატრიარქის მოწოდების გამო, ქმრებისთვის ფეხების დაბანის თაობაზე - გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ განგაშს ტეხდნენ სწორედ ზემოხსენებული ქმრების ცოლები, თორემ ქალმა, რომელიც ინტიმური ბედნიერების მწვერვალს აღწევს თავის ქმართან, ძალიან კარგად იცის, რომ თუ საეკლესიო პირისთვის სხვა მოწესესათვის ფეხის დაბანა თავის დამდაბლებას ნიშნავს, სამეუღლეო ურთიერთობაში ეს კიდევ ინტიმური ურთიერთობის პრელუდია შეიძლება იყოს, რომელიც შოკოლადის ფილასაც აღემატება, ნელ ტანგოსაც და თბილ აბაზანასაც!

P.S. გაფრთხილება სექსუალურად დაკმაყოფილებული ქალების 30 პროცენტისათვის:

თვით ამ ქალბატონებსაც არ არგებთ გულარხეინობა - ყურადღება მართებთ, რათა ინტერნეტ-სივრცეში არ გაექცეთ ქმარი. ეს არის დღეისათვის მეტად სერიოზული საშიშროება, რომელიც ემუქრება ოჯახების ინტიმურ კეთილდღეობას. ინტერნეტ-სივრცეში ჩაბუდებულია სატანისტური საცდური, რომელიც ყველა ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშზე მეტ საფრთხეს შეიცავს. ინტერნეტ-სივრცეში ჩაგვირისტებულია ეროტიკისა და პორნოგრაფიის ისეთი ფოტო-ვიდეო სამალავები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერი ასაკის, ფერისა და მოყვანილობის ლამაზმანს იოლად მისაღწევს ხდიან, რაც სულიერად არასრულყოფილ ადამიანებს ( და სრულყოფილნი მხოლოდ წმინდანები არიან) დიდი ვნებითი განსაცდელის წინაშე აყენებენ. რადგან ყველა ადამიანი სუსტია საცდურების წინაშე, გაქცეულმა თვალმა შეიძლება მოიტანოს ჩვეული ინტიმური სარეცელის მიმართ გულის აყრა, განურჩევლობა და, როგორც შედეგი, სიტუაციური სექსუალური შეფერხებები.

აი, ამ საუკუნის უბედურებას თუ აცდება, მაშინ ასეთი ქალის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს - შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე ბანოს ფეხები ქმარს და წინასწარ განიცადოს მომავალი ნეტარება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100