სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე: პირობას ვდებ, გულშემატკივარს, რომელიც დაჯარიმდა, პრობლემა არ შეექმნება

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ მატჩს ეხმაურება. კალაძე ვრცელ პოსტში მისი მოედანზე ყოფნის მიზეზს განმარტავს. კალაძე აცხადებს, რომ თამაშზე შვილთან ერთად ინერციით მივიდა და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

გარდა ამისა, გუშინდელი მატჩის შემდეგ გულშემატკივრის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის ოჯახს ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეს.

,,გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.

გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.

გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი “უეფა”-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.
ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება.

,,უეფა"-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!"- წერს კალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100