სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. „თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ჩვენი კულტურა, და ამას ადასტურებს გამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონები.
გამოფენა-გაყიდვაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე. მიხარია, რომ ისინი ავლენენ ინტერესს ლიტერატურის მიმართ. ჩვენ მათ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიასპორის წარმომადგენლების როლს ქართული მწერლობის განვითარებაში. „ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია, ცხოვრობს უცხოეთში და, ამის მიუხედავად, ისე კარგად შეინახა მშობლიური ენა, რომ მისმა წიგნმა ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პრემია მიიღო. ეს არის მაგალითი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, - მათ შეუძლიათ მთლიანად იყვნენ ჩართული საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და, საერთოდ, ყველა სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი კავშირისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კომენტარი