კიევში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TMTM) შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს
11 აპრილს ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები - კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე უკრაინის პრემიერ მინისტრს - ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.
შეხვედრისას ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა და რკინიგზების ხელმძღვანელებმა TMTM-ს, როგორც ევრაზიის პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა TMTM-ს პროექტის ფარგლებში, გაიზარდოს მარშრუტის გეოგრაფია და მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებზე გასვლა.
მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება - სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და ,,ერთი ფანჯრის,, პრინციპის რეჟიმში მომსახურება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ,,დასავლეთი - სამხრეთი,, და ,,ჩრდილოეთი - სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის პროტოკოლს.
კომენტარი