სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს"

თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; თქვენი მთავარი მამოძრავებელია ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. -ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დღეს კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს, რის საფუძველზეც, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას დოქტორანტი სტუდენტებიც იღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დოქტორანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.

„აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს. არსებული ტემპი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება", -აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა - ბაკალავრიატი,მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სრულად არის ამოქმედებული და სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს.

„წელს დავიწყეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების კვლევითი პოტენციალის შეფასება, მათთვის გამოიყო დამატებითი დაფინანსება და მკვლევარების ხელფასი გაიზარდა 3-ჯერ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე დოქტორანტებს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის შესახებ. პრემიერის თქმით, შარშან ცენტრმა 87 სტიპენდია გასცა, წელს კი, 115 სტიპენდიის გაცემა იგეგმება.

„ამ პროგრამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, თუმცა, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მომხდარიყო განათლებული ახალგაზრდების უცხოეთში დარჩენა, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, ხელშეკრულებაში ჩავუდეთ სტუდენტებს, რომ ისინი იქნებიან ვალდებულნი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური. ჩვენ უკვე წელს ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე წელიწადში კი მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100