სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მეზღვაურების გასაჭირი და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 1 მაისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს შეისწავლის. კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც მთავრობის სახლის, ბათუმში არსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და პარლამენტის შენობასთან დაკავშირებულ ხარვეზებს შეისწავლის. კომისიაში შედიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მინისტრები, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები და საგადასახადო ომბუდსმენი. კომისია არსებული პრობლემებს შეისწავლის, შემდეგ კი მთავრობას კონკრეტულ რეკომენდაციებს წარუდგენს.

პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ამჯერად ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა. კახა კალაძემ ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესმენებს "კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი გააცნეს და საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე ისაუბრეს. კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინეს. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციისა და გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეს ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად მოინახულა. ტაძარში წმინდა მარინეს ეკვდერის და სამხრეთ კარიბჭის მხატვრობის გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები და აღმოიფხვრა ფერწერის ფენების დაზიანებები. შეკეთდა ეკვდერის გადახურვა და ცემენტის იატაკი კირის საფარით შეიცვალა. შეერთებული შტატების ელჩი, კულტურის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლების მოსახლეობამ რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა. მათი თქმით, წავკისის, შინდისის, ტაბახმელასა და კოჯრის იმ მოსახლეობას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნია, "საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია. მათი პრობლემები დღეს მთაწმინდის გამგებელმა ნიკა მელიამ მოისმინა და მათ გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დოკუმენტის გაცემისთვის საჭირო მინდობილობების გაფორმება სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი. დისტანციური მომსახურების სამსახური მოქალაქეებისათვის ახალი სერვისია, რომლის საფუძველზეც, ამჟამად უკვე საქართველოში მყოფ მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ სხვა პირს გაუფორმონ მინდობილობა, ან განახორციელონ სხვა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ქმედებები. ახალი სერვისით სარგებლობის მსურველები სერვისების განვითარების სააგენტოს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ: 2 405 405.

#16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. ადვოკატის თქმით, რუსთავის #16 დაწესებულებიდან თანამშრომლები კანონდარღვევით გაათავისუფლეს. მისივე განმარტებით, გენერალური ინსპექციის მიერ შემაჯამებელ დასკვნაში მოყვანილი მიზეზები სიმართლეს არ შეესაბამება და მიიჩნევს, რომ მინისტრისთვის რეალური მიზეზები უცნობია. ადვოკატი აცხადებს, რომ იგი ყველა სამართლებრივ ნორმას მიმართავს, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დაამტკიცოს.

შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირებმა აქცია თბილისის პარლამენტის შენობასთან გამართეს. მიტინგზე პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ახალ "შრომის კოდექსზე", სოციალურ სამართლიანობაზე და დასაქმებულების უფლებებზე ისაუბრა. აქციამ პარლამენტის შენობიდან მშრალ ხიდზე გადაინაცვლა. პროფკავშირების წევრებმა თეატრალიზებული სანახაობა მოაწყეს – ძველი "შრომის კოდექსის" ბანერი დაწვეს და მტკვარში გადააგდეს. აქციის მონაწილეებმა "საპირველმაისო მანიფესტიც" შეიმუშავეს, რომელსაც ხელისუფლებას გადაუგზავნიან.

პარლამენტთან ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. ქუთაისის მოსახლეობის ნაწილმა პარლამენტის თბილისში შესაძლო გადატანა გააპროტესტა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქის განვითარებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა აუცილებელია. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, გაითვალისწინონ ადგილობრივების აზრი და გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღონ. აქცია "ფეისბუქის" საშულებით დაიგეგმა. აქციის მიმდინარეობის დროს პარლამენტიდან კობა დავითაშვილი გამოვიდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პარლამენტარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ადგილობრივმა მკვიდრმა ფირუზ ბერაძემ "ქართული ოცნების" მაისური დაწვა. ბერიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, დღეს მიიღო გადაწყვეტილება, პარტიიდან გავიდეს და შესაბამისად, "ქართული ოცნების" ატრიბუტიკა დაწვას. მისი თქმით, პროტესტის ეს ფორმა იმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობას ვერ მიაღწია. ბერაძე ამბობს, რომ ის 2012 წელს კერძო კომპანია "კავკასუს პროჯექტიდან" უსამართლოდ გაათავისუფლეს, თანაპარტიელებმა კი უყურადღებოდ დატოვეს.

სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს. სტუდენტების აყვანის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
მომხდარის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აქციის გამართვის დროს, მაშინ აიყვანეს, როცა სტუდენტებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მისი გახსნის საშუალება არ მისცეს.სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.

უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. გოგორიშვილმა დღეს პარლამენტში ის დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც, მისი თქმით, წერია იმ კომპანიების მფლობელების ვინაობა, რომლებმაც, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უფასო სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდონ. გოგორიშვილის თქმით, იმ ოთხი სტამბიდან ერთ-ერთი, სტამბა "სეზანი" ჟურნალისტ შორენა შავერდაშვილის მამას ეკუთვნის, მეორე კი - "ფავორიტ პრინტი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის საკუთრებაა. გოგორიშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება სხვა სტამბებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ორი კვირით ადრე იყო ცნობილი "სეზანისა" და "ფავორიტ პრინტისთვის", რაც მისი თქმით, კანონის დარღვევაა. გოგორიშვილი მოითხოვს, საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ.

"ნაციონალური მოძრაობა" უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვასაც დაჩქარებული წესით ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ორი კვირის წინ მიიღო, უნივერსიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაყვანას გულისხმობს, რაც უნივერსიტეტებს პრობლემას შეუქმნის. ამ კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უფლება ექნება, უნივერსიტეტებში რეორგანიზაცია უნივერსიტეტებთან შეთანხმების გარეშე განახორციელოს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით, 10 მოქალაქე დააკავეს. "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ფონდიდან მიღებული დაფინანსებით რეგიონებში გლეხებს, მიწების დასამუშავებლად და საჭირო სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის შესაძენად, ვაუჩერები დაურიგა. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ დაუშვებელია და ეს ინფორმაცია ვაუჩერზეც მითითებულია, გამოძიებამ ვაუჩერის ნაღდ ფულზე გადაცვლის ფაქტები გამოავლინა. საგამოძიებო უწყება ამ კანონდარღვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომლებსაც პროექტის თანხის მიზნობრიობის გაკონტროლება ევალებოდათ.

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი "გოლდსტარ 2002" და "ნაგანის" ტიპის უნომრო რევოლვერი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, ორი მამაკაცი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 24 აპრილს თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში სადისტრიბუციო ავტომანქანის მძღოლი ნუგზარ ნარინდოშვილი დააყაჩაღეს. ბრალდებულებმა მას, ცივი იარაღის მუქარით, 885 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ეჭვმიტანილები რუსთაველის გამზირსა და დიღმის მასივში დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის შპს "სინათლის ქალაქში" შევიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა შპს "სინათლის ქალაქიდან" შესამოწმებლად დოკუმენტაცია წაიღო. "სინათლის ქალაქის" დირექტორის ნიკა ტოგონიძის თქმით, შპს-ში შემოსავლების სამსახურიც მუშაობს, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს. ასევე, მიმდინარეობს "სინათლის ქალაქის" საწყობების დალუქვის პროცესი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

კონიაკი "ძველი კახეთი" რუსულ ბაზარზე უახლოეს მომავალში გავა. კომპანია "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას", კონკრეტულად კი კონიაკ "ძველ კახეთს" ოფიციალური მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ მოსკოვიდან მოუვიდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსული ბაზარი მნიშვნელოვანია. კონიაკი "ძველი კახეთი" პირველი იქნება, რომელიც რუსულ ბაზარზე გავა. კონიაკი უკრაინაში 2012 წელს წლის ბრენდი გახდა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საპატიო აკადემიკოსები აირჩიეს. ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი და სერგეი მირონოვი მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრები გახდნენ. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო. მან ყველა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პატრიარქმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახლად არჩეული საპატიო აკადემიკოსების დამსახურებაზე ისაუბრა.

ალჟირში 10 ქართველი მეზღვაური გაუსაძლის მდგომარეობაშია. პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ეოსი" ალჟირის პორტში 9 თვის წინ დააკავეს. მიზეზი გემზე არსებული ტვირთია. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გემთმფლობელს, დამქირავებელსა და ტვირთის მეპატრონეს შორის. მეზღვაურებს სამუშაო კონტრაქტი უკვე ამოეწურათ, 3 თვეა გემთმფლობელმა მათთან კავშირი გაწყვიტა და არც ხელფასს უხდის, თუმცა ამის მიუხედავად, ქართულ ეკიპაჟს გემიდან არ უშვებენ. გემზე არ არის დაცული უსაფრთხოების წესები და მეზღვაურებს საკვებით მომარაგებაც შეუწყვიტეს. მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალური წერილით პირველ აპრილს მიმართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100