თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვარკეთილის ფილიალში შეხვედრა მოეწყო
2016 წლის 14 სექტემბერს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვარკეთილის ფილიალში მოეწყო შეხვედრა პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” აქტივობებთან დაკავშირებით. პროექტი დაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის „დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა 2016“ მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation), რომლის პარტნიორებიც არიან თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია.
პროექტი მიზნად ისახავს ვარკეთილის რაიონში საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობას საზოგადოებრივი ონლაინ კონსულტაციების (რუკის გამოყენებით, მობილურის საშუალებით შეტყობინების გაგზავნით) საშუალებით. ამ მიზნით შეიქმნა ვებპორტალი: www.lamazikalaki.org, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება პრობლემურ ადგილზე შეტყობინების განთავსება და ფოტოს ატვირთვა, რის შემდეგაც მოხდება ონლაინ ხმის მიცემით შერჩეული პრობლემური ადგილის დაგეგმვა (სოციოლოგებისა და არქიტექტორების მონაწილეობით) და არქიტექტურული სემინარების ჩატარება ქართველი, პოლონელი და გერმანელი არქიტექტორების მონაწილეობით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს და საზოგადოებას, რათა შეიქმნას მათი უბანი და მოხდეს მათი ჩართვა საზოგადოებრივ კონსულტაციებში ინოვაციური ონლაინ უნარების გამოყენებით, გამოვლინდეს საზოგადოებრივი სივრცის კუთხით მათი საჭიროებები. პროექტი ფოკუსირებულია საზოგადოებრივი სივრცისადმი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესებსა და მოთხოვნებზე. პროექტის დამატებითი უპირატესობაა ქალაქის გარეუბნების მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ხასიათი, რაც დისკუსიას საზოგადოებრივი სივრცის, უნივერსალური კონცეფციის, კომუნიკაციის ბარიერების შესახებ მრავალფეროვანს ხდის. ამასთან, დაგეგმილი აქტივობები დაეხმარება განსხვავებულ ჯგუფებში საერთო ინტერესის აღმოჩენას და მრავალმხრივი კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების საშუალებების დანერგვას.
კომენტარი