ღვთაებრივი ცეცხლი: ზეციური მადლი თუ მისტიფიკაცია?
უკანასკნელ წლებში რუსულ მედიაში გახშირდა ეჭვის გამომხატველი წერილები, იერუსალიმში დიდ შაბათს უფლის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლთან დაკავშირებით – არის ეს ჭეშმარიტი სასწაული, თუ სიცრუე და მისტიფიკაცია? ამის საბაბს ხშირად იძლეოდა სასულიერო პირთა ორჭოფული გამონათქვამებიც და პილიგრიმების აცდენილი შეფასებებიც.
ამდენად, უთუოდ ყურადღების ღირსია რუსულსავე „მას მედიაში“ გამოქვეყნებული ცნობები, სადაც ღვთაებრივ ცეცხლს სამეცნიერო დახასიათება ეძლევა.
ერთ–ერთ წინა სააღდგომო დღესასწაულზე იერუსალიმში იყო „კურჩატოვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ფიზიკოსი ანდრეი ვოლკოვი.
ვოლკოვი ექვსი საათის მანძილზე იმყოფებოდა ტაძარში და ამ ხნის მანძილზე აკვირდებოდა ელექტრომაგნიტურ ფონს – სწორედ მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის დროს მისმა მცირე გაბარიტების ხელსაწყომ დააფიქსირა გამოსხივების ინტენსივობის ორჯერ გაზრდა. ამავე დროს, რამდენიმე წუთით ადრე კუვუკლიიდან მადლმოსილი ცეცხლის გამოტანამდე, სწორედ ცეცხლის გადმოსვლის დროისათვის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის მაფიქსირებელმა სისტემამ აღრიცხა გრძელტალღოვანი იმპულსი, რაც ელექტროგანმუხტვის მანიშნებელი იყო.
ამან ფიზიკოსს მისცა დასკვნის საშუალება, რომ მადლმოსილი ცეცხლი არ არის ადამიანის თვითშთაგონების ნაყოფი – არ არის არც სიცრუე და არც მისტიფიკაცია, – მისი მატერიალური „კვალის“ გაზომვა შესაძლებელია!
მეცნიერის სიტყვით, ეს არის ღვთაებრივი სასწაულის მატერიალიზაცია. უფლის ზენაარი მადლის გამოსახვა შეუძლებელია მათემატიკური და ფიზიკური ფორმულებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ღვთაებრივი ცეცხლის სასწაულით უფალი ყოველ წელს გვამცნობს, რომ მართლმადიდებელთა რწმენა ჭეშმარიტია!
მართლმადიდებელთა რწმენის ჭეშმარიტების დასტურად, ვოლკოვმა სურათი გადაიღო ტაძრის გაბზარულ მარმარილოს სვეტთან: იმის დასამტკიცებლად, რომ უფალი სხვა კონფესიებსაც სწყალობს, ერთხელ სომხებმა არ შეუშვეს მართლმადიდებლები ტაძარში, თვითონ შევიდნენ და დაიწყეს თავისებური ლოცვა უფლის მიმართ, მაგრამ პასუხად უფალმა მათ არ აუნთო სანთელი – ელვამ ტაძრის მარმარილოს სვეტი გაბზარა და იქიდან ასხლეტილმა ნაპერწკალმა სანთლები აუნთო ეზოში მდგომ მართლმადიდებლებს.
ამ მარმარილოს სვეტთან სურათის გადაღებით ვოლკოვმა თავისი ცდის მატერიალიზაციის ხარისხი აამაღლა კიდევ ერთ მატერიალურ სასწაულთან დაწყვილებით.
კომენტარი