მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა სიტყვით - „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“.
ვეყნის პირველმა პირმა მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა რუსეთთან ურთიერთობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სირთულეების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში შექმნილმა კრიზისმა სულ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უცხო არ არის სხვა ქვეყნის ზეგავლენა და ანექსია და როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ის კიდევ ერთი პოტენციური მესაზღვრეა ნდობის ამ ომში. მისი განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა - შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთო უელსში დაგეგმილ სამიტს და იმ მოლოდინს, რომელიც ქვეყანას ამ სამიტიდან აქვს. სახელმწიფოს მეთაურმა საზოგადოების წინაშე იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც საქართველო ნატოს მისიებში შეიტანა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ევროკავშირის მისიასაც შეეხო, რომლის ფარგლებში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში მსახურობენ. მისი განცხადებით, საქართველო არის პრინციპული, პასუხისმგებლიანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე საერთო უსაფრთხოების დამკვიდრების საკითხში.
საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. როგრც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. პირიქით, სტაბილური საქართველო, სტაბილური უკრაინა არის კავკასიის ნათელი მომავლის საწინდარი, რაც ასევე სიკეთის მომტანია რუსი ხალხისთვის, მათ შორის ბიზნენსის წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა როგორც დამსწრე საზოგადოების, ისე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
კომენტარი