სკოლა 5 წლის ბავშვს აღარ მიიღებს
ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი კვირის ბოლომდე დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების შესაბამისად, სკოლა ბავშვს 5 წლის ნაცვლად, 6 წლის ასაკიდან მიიღებს.
ელისო ჩაფიძის განცხადებით, განათლების კომიტეტმა კანონში სესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
"კანონში შესატან ცვლილებებს ამ კვირაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რადგან კანონის მიღმა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოებია, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა განახორციელოს," - განაცახდა ჩაფიძემ.
ამ ეტაპზე, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიღება არსებული კანონმდებლობით დაშვებულია. თუმცა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით მომზადებული კვლევის თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ასაკში ბავშვი საგანმანათლებლო პროცესთვის მზად არაა. ამ ასაკში ბავშვებს გაკვეთილზე კონცენტრაცია უჭირთ, მოუსვენრობენ, ზოგს ეძინება და ა.შ.
2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება ექნებათ მათ, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში.
კომენტარი