სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი თავი ჭირსაც წაუღია"

ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, - ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის არ იბრძვის თანამდებობისთვის და 5 თვეში ისედაც არჩევნები იყო დანიშნული.
ამასთანვე, გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და თუ მიაღწევს, რომ ის მავნებლობა და მარაზმი, რაც მთავრობამ დღეს სასამართლოს ხელით გააკეთა, გაუქმდეს, ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით შეიჩერებს უფლებამოსილებას.
რაც შეეხება იმას, თუ რა სტატუსი აქვს ამჟამად გიგი უგულავას, როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ არც თავად არ იცის.
"ეს მე თვითონაც არ ვიცი კანონით რას გავაკეთებ, თითონაც არ იციან რას ითვალისწინებს, იმიტომ, რომ გადაყენება საჯარო მოხელეზეა და მე არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ არჩეული თანამდებობის პირი. მე ვემორჩილები კანონს, უფრო სწორად გადაწყვეტილებას, რომელიც უკანონოა. თვითონ ვერ განმარტავენ ვარ მერი, თუ უფლებამოსილება მაქვს შეჩერებული, თუ აღარ ვარ მერი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონში პირდაპირ წერია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობა და ინფორმაცია კრიმინალის შესახებ სავალდებულო წესით უნდა იქნას გამოძიებული ნებისმიერი შესაბამისი ორგანოების მიერ.
გიგი უგულავას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმარი მერაბიშვილი აიყვანა მთავარმა პროკურატურამ და "აკაჩავა", არის დანაშაულის შემცველი და პროკურატურა ვალდებულია ეს გამოიძიოს, თუმცა სამწუხაროდ, ამაზე უარს ამბობს.
"ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, აბა, მე მგონი ვანგა არ ვარ, არც ნათელმხილველი და არც წინასწარმეტყველი. სანამ პროცესი დაიწყებოდა ვთქვი, შედეგი, რომელიც იყო და რომელიც შემდეგ დადგა.
სამწუხაროა, რომ სასამართლო თავის თავს იგდებს ცუდ მდგომარეობაში", - აღნიშნა გიგი უგულავამ სასამართლოს მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის რაიმე ფაქტის შესახებ მათთვის უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100