სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა პენსიას იტალიის ბიუჯეტიდან მიიღებს

როგორც Corriere della Sera იტყობინება, პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა ნოემბერში 60 წლის ხდება და იმის გამო, რომ წლების განმავლობაში (1987-1992) იტალიის პარლამენტის წევრი იყო, ის იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიას სიცოცხლის ბოლომდე მიიღებს - 3 ათასი ევროს ოდენობით.

„მე არც კი მახსოვდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ არაფრის მრცხვენია, რადგან არავინ გამიძარცვავს და ეს ფული პატიოსანი მოღვაწეობით მოვიპოვე“, - ამბობს ჩიჩოლინა.

პორნოვარსკვლავმა განაცხადა, რომ მხოლოდ ის არ მიიღებს პენსიას და მაგალითებად მომღერალი ჯინო პაოლი და სცენარისტი პასკუალ სკუიტერი მოიყვანა, რომლებიც თავის დროზე, დეპუტატები იყვნენ. „მე ვიცი, რომ ბევრს არ მოსწონს ჩემთვის პენსიის დანიშვნის ფაქტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იტალიელებმა კანონი უნდა შეცვალონ, მე ხომ არ მომიფიქრებია, თვითონ მიიღეს. მე მზად ვარ, ეს თანხა მთლიანად ქველმოქმედებისთვის დავხარჯო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვებიც ასევე მოიქცევიან“, - ამბობს ჩიჩოლინა.

ჩიჩოლინა იმასაც ამბობს, რომ არცერთი სხდომა არ გაუცდენია და ნაყოფიერ საკანონმდებლო საქმიანობას ეწეოდა. მისი თქმით, სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სიყვარულის პარკები, სკოლებში შემოიღეს სექსუალური განათლების გაკვეთილები და აკრძალეს ნატურალური ბეწვეულის დასამზადებლად ცხოველების ჟლეტა.

უნდა ითქვას, რომ უგზო-უკვლოდ არც ადრინდელი ჩიჩოლინა გამქრალა: 25 ოქტომბერს იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში გამოდის. „მე იქ მოშიშვლებული მკერდით ვიმღერებ, ამის უფლებას ჯერ კიდევ ვაძლევ ჩემს თავს“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ ჩიჩოლინა ბუქარესტში, 1951 წლის 26 ნოემბერს დაიბადა. პორნოფილმებში გადაღება 70-იან წლებში დაიწყო, როცა უკვე იტალიაში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ მან სახელი არა იმდენად პორნოფილმებით, არამედ იმით გაითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და უფრო მოგვიანებით კი იმითაც, რომ სადამ ჰუსეინს ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მასთან საჯარო სექსი შესთავაზა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100