სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციის მეორე ღამის ქრონიკა

სულ მალე, შესაძლოა, უკვე დღეიდანაც - ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე მოსახვედრად სპეციალური აკრედიტაციის გავლა მოუწევთ, სააკრედიტაციო მოწმობას კი ლევან გაჩეჩილაძის შტაბი გასცემს. სწორედ ამ ნოვატორული იდეით გამოირჩეოდა გუშინდელი ღამე აქციაზე. ლევან გაჩეჩილაძეს არ მოსწონს არცერთი ტელევიზია, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ გარდა. და კიდევ, მოწყალე თვალით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გადახედა და რეპრესირებულთა სიაში არ მოახვედრა, ალბათ, აქციის მიმდინარეობის გეოგრაფიული ადგილის გამო.

დანარჩენებმა კი აკრედიტაცია უნდა გაიარონ, რათა მისი სიბრძნით, თავაზიანობითა და კორექტულობით გაჯერებული გამოსვლების გადაღება შეძლონ. ყველა სხვა ჟურნალისტი და მედიასაშუალება, „გრეჩიხასთვის“ ან მოღალატეა, ან აგენტი.

ნიშნავს თუ არა ლევან გაჩეჩილაძის ეს გამოხდომა იმას, რომ იგი საბოლოოდ იღებს ხელში აქციის მართვის სადავეებს? ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დღეს აქციაზე ნინო ბურჯანაძე გამოჩნდება და აკრედიტაციის იდეაზე ჟურნალისტები შეკითხვებს დაუსვამენ.

სწორედ ლევან გაჩეჩილაძის წამქეზებლური აგრესიის მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ღამის სამი საათისთვის აქციის მონაწილე ნიღბიანმა, ხელკეტებით შეიარაღებულმა და ნასვამმა აქტივისტებმა „აი–ტვ“–ს ოპერატორსა და ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა კი დაამტვრიეს: რასაკვირველია იმიტომ, რომ გადამღები ჯგუფი „მავნებლურ“ საქმიანობას ეწეოდა – იღებდა კადრებს, როგორ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება ერთ–ერთ დაზარალებულ მომიტინგეს.

მომხდარი ინციდენტით თითქმის ყველა მედიასაშუალება დაინტერესდა და გააშუქა კიდეც. ერთადერთი, ვის ობიექტივშიც წუხანდელი ინციდენტი არ მოხვდა, „მაესტრო“ იყო.

სხვა მხრივ წუხანდელი ღამე კოსტავას ქუჩაზე შედარებით მშვიდობიანი აღმოჩნდა – შეტაკება არ მომხდარა, თუმცა, ხელკეტებით შეიარაღებული პირები მთელი ღამის განმავლობაში „პატრულირებდნენ“ მიმდებარე ქუჩებში.

დიდ სანაგვე ურნად ქცეული კოსტავას ქუჩა საკმაოდ მძიმე სანახავია: მომიტინგეებმა წუხელ ვითარების გამოსწორება სცადეს, მაგრამ უარესი გამოუვიდათ: რამდენიმე ჯგუფმა ნაგავი მოაგროვა, რამდენიმე ადგილას მოაქუჩა და ცეცხლი წაუკიდა. ახრჩოლებულმა კვამლმა და დამწვარი ნარჩენების სუნმა ადგილობრივი მოსახლეობა შეაწუხა და მათმა წარმომადგენელმა მომიტინგეებს სთხოვა, ცეცხლის კერები ჩაექროთ, თუმცა ეს თხოვნა არ იქნა შესმენილი.

ღამის გასათევად დარჩენილი აქტივისტები ღამის განმავლობაში როკავდნენ იტალიელი პარტიზანების სიმღერის – „ბელა ჩაოს“ რიტმზე, ანთებდნენ ცეცხლს და თბებოდნენ, ნაწილი კი გასათბობად ტრადიციულ და მამაპაპურ არაყს იყენებდა. ერთ–ერთ მომიტინგეს ტრადიციისადმი ზედმეტი ერთგულება სასწრაფო დახმარების გამოძახებად და რამდენიმე ჩხვლეტად დაუჯდა. ალკოჰოლისგან გადატვირთულ სხეულს ზოგიერთი იქვე, ასფალტზე გაფენილ პოლიეთილენზე ასვენებდა, ზოგიერთს კი, ასე განსაჯეთ, შიგ მანქანების საბარგულში ეძინა.

მომიტინგეებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ ჯერ ნონა გაფრინდაშვილი, შემდეგ კი ლევან გაჩეჩილაძე. ნინო ბურჯანაძე ღამის საათებში აქციაზე არ გამოჩენილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100