სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე ისაუბრა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან?

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვას უპასუხა.

მან ბოლო პერიოდში ხელისუფლების მუშაობა შეაჯამა. ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა 2013 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, ასევე ისაუბრა ტარიფების შემცირებაზე, კოჰაბიტაციაზე, ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხებზე, ინვესტიციებზე, მედიასა და დევნილებზე.

პრემიერმა სამომავლო გემებზე და პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასვა. ასევე ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ჩამოსულები იყვნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალი პროექტით, არსებული ცენტრალური რკინიგზა არ უნდა დაზარალდეს.

პრემიერის პრესკონფერენციაზე შეკითხვები დაისვა ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შესახებ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ინვესტიციები ქვეყანაში შემოვა და მათ მოსაზიდად დამატებითი ბერკეტები შემუშავდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის აღორძინება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპის მომატება სწრაფად ვერ მოხერხდება. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის ზრდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება და ამას მოსახლეობა იგრძნობს.

პრემიერმა პრესკონფერენციაზე დღეს ტარიფების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, გადასახადი პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტებისთვის, ვინც 100 და 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 3,54 თეთრით შემცირდება, რაც პირველ შემთხვევაში დღეს არსებული ტარიფის დაახლოებით 27, მეორე შემთხვევაში კი დაახლეობით 21,5 პროცენტია.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ როგორ მოხდება გაზის ტარიფის დაკლება, ეს ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივ აირს მისაღებ ფასად აწვდის და მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, გაზი სიმბოლურად გაიაფდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100