მოძრაობა ” სამართლიანი საქართველოსთვის” წევრის, კონსტანტინე ფორჩხიძის განცხადება
მოძრაობა ” სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის წევრი კონსტანტინე ფორჩხიძე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ჯინ შაჰინის და ლინტი გრემის მიერ მომზადებულ მოხსენებას ”საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საგზაო რუქის” შესახებ, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ რეკომენდაციებს ამერიკელი, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსებისთვის.
დოკუმენტი რომელიც მომზადდა ატლანტიკური საბჭოს მიერ, შეიცავს ერთობ პროვოკაციულ წინადადებებს უსაფრთხოების სფეროში. ყველაზე მიმზიდველად შეიძლება გამოიყურებოდეს წინადადება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიას უკავშირებს საქართველოში აშშ-ს შეიარაღებული ძალების განთავსებას, როგორც თავშეკავების პოლიტიკის მექანიზმს. მხედველობაშია რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შეკავების საშუალებაზე. ეს წინადადება პროვოკაციულია თავისი შინაარსით, იგი არ პასუხობს ახალ რეალიებს, იმ გამოწვევებს, რომელიც დადგა საქართველოს წინაშე ოკუპაციის შემდგომ.
მოძრაობა ’სამართლიანი საქართველოსთვის” თვლის, რომ მოვლენების ამდაგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი აღნიშნულ ფაქტს აღიქვამს, როგორც პირდაპირ მუქარას, რაც გამოიწვევს ოკუპირებული ტერიტორიების უფრო მეტად მილიტარიზაციას და რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდას, რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, რუსეთ-საქართველოს სტატუსქვოს შენარჩუნებას და კონფლიქტების დარეგულირებაში ევროკავშირის როლის შემცირებას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად არ შედის. იმ შემთხვევაში, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს და დაიწყებს მის განხორციელებაზე ზრუნვას, მაშინ საქართველო შეიძლება დადგეს ახალი სარისკო გამოწვევების წინაშე.
კომენტარი