საით უბერავენ ბერას ფანები ანუ რაში გაუმართლა ჯონი დეპს
ფანების აღტაცებამდე მისული დამოკიდებულება ბერას მიმართ, წესით, გასაკვირი არ უნდა იყოს. ავად თუ კარგად, ბერა ივანიშვილი რეპერია და გასაკვირი არც ის არის, რომ რეპერს ფანები ჰყავდეს. მაგრამ ბერა ამ მხრივ მაინც რეკორდსმენად შეიძლება ჩაითვალოს: „ფეისბუქზე“ მის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა თუ კომენტარებს უამრავი კომენტარი ახლავს და კიდევ, უამრავი ადამიანი იზიარებს.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ბერას ფანებში და ფოტოკომენტატორებში, უმეტესწილად ლატინიცას მოყვარული, ქართული ანბანით წერის უარმყოფელი თინეიჯერები სჭარბობენ. ლატინიცას სიყვარული, ზოგადად, ქართულისადმი პროტესტი, რა თქმა უნდა, არ არის და იქნებ უმნიშვნელო დეტალიც იყოს, ეს დეტალი რომ მათ სიზარმაცეზე არ მიუთითებდეს: მათ, ვისაც შეუძლია (ტექნიკური თვალსაზრისით) ქართულად წერა და მაინც ლათინურად წერს, უბრალოდ, ზოგიერთი ქართული ასოს დასაწერად ღილაკ „Shift”-ის გამოყენება ეზარებათ: რა საჭიროა ზედმეტი ხლაფორთი, როცა „ბერა, ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ყოველწამს შენზე ვფიქრობ“ - და მსგავსი კომენტარის დასაწერად, მინიმუმ, სამჯერ უნდა იხმარო „Shift”, ასე სჯობია: “bera, zalian, zalian miyvarxar, yovelwams shenze vfiqroooooob!”.
ამასთან, არამარტო ბერა უბერავს რეპს, ბერას ფანებიც უბერავენ ბერას სიყვარულის გამოხატვაში. ეტყობა, ბერას ბრწყინვალება მათ ნაწილს თვალს იმდენად ჭრის, რომ მის გარდა ვერც ვერავის ამჩნევენ და არც არავის დანახვა სურთ. საილუსტრაციოდ ეს ფოტოც გამოდგება, სადაც ბერასთან ერთად გამოსახული ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჯონი დეპი, წესით, თინეიჯერებისთვის მაინც არ უნდა იყოს უცხო სახე.
ამის მიუხედავად, ფოტოს ავტორმა, რა თქმა უნდა, ლათინური ტრანსკრიპციით, ფოტოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ბერაააააა, მიყვარხააააარ. ეს მეორე კაცი არ ვიცი, ვინაა, მაგრამ მაგრა გაუმართლა, რომ ბერასთან სურათი აქვს...“
როგორც იტყვიან, კომენტარი უადგილოა. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ფოტო და კომენტარის სკრინშოტი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და ბერას თავგადაკლული ფანების დაცინვის ობიექტიც გახდა...
კომენტარი