დონალდ ტრამპი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მიღებაზე განაცხადა. მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ურთიერთობებზე.
ასევე მადლობა გადაუხადა "სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელობას დახმარებისთვის.
"ჩვენი ორი დიდი პარტნიორი გვყავს მაიკლ კოენი და გიორგი რამიშვილი, რომლებიც ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებენ. მე მიყვარს საქართველო და პატივს ვცემ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში. ასევე დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული პირადად თქვენს მიმართ, ბატონო პრეზიდენტო. როდესაც აქ მოვდიოდით თვითმფრინავიდან დავინახეთ მართლაც რა გასაოცარი მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოში. ეს ძალიან ამაღელვებელია". - აღნიშნა ტრამპმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს სასახლე დაათვალიერებინა და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნო. როგორც ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, საქართველოში დიდი საქმე კეთდება და თან ძალიან სწრაფად.
მისი თქმით, ამ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსადმი გამოხატული მეგობრული დამოკიდებულების, თანამშრომლობისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, Trump Organization-ის პრეზიდენტი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
კომენტარი