სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"23 წლის ბიჭია, განერვიულდა, ჰყავს მეუღლე და დღე-დღეზე ელოდება შვილს" - ვინ არის მძღოლი, რომელმაც ავარიისას 16 წლის გოგონა იმსხვერპლა

რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ინფორუსთავის“ ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი 23 წლის მამაკაცია, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის უკვე დაკავებულია.

დაკავებულის ადვოკატი, ნანა ჯახველაძე შემთხვევის დღეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა მომხდარს ნანობს და პასუხისგებისთვის მზადაა.

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მეც და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვსურს, ვთქვათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მან პირველად დაინახა ძაღლი, როდესაც მიხვდა, რომ ადამიანიც ახლდა, გვერდით რუსთაველის ქუჩაზე მანქანა გააჩერა. ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ასევე სასწრაფო იყო მისული.

მიხვდა ის, რომ გოგონა არ იყო მიტოვებული და დახმარებას მას ხალხი უწევდა. ძალიან ცუდი კომენტარები მოდიოდა, აღშფოთებული იყო ხალხი, სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი.

შემდეგ იგი გავიდა ქალაქიდან, მობილიზდა, ძალიან განერვიულებული იყო. 23 წლის ბიჭია და პირველად მოხვდა ასეთ სიტუაციაში. საერთოდ პოლიციასთან არ ჰქონია შეხება, ძალიან ცუდი ამბები გავრცელდა. მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, ავტობაზრობაზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და დღე-დღეზე ელოდება შვილს.

აქედან გამომდინარე, ის თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. ჩვენ და ოჯახი მზად ვართ, ყველანაირად გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი გოგოს ოჯახს და ყველანაირი დახმარება გავუწიოთ”,- განუცხადა „ინფორუსთავს“ დაკავებული გ.გ-ს ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, მამაკაცი მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდებოდა და ამის დადასტურება ამავე ავტომობილში მსხდომ კიდევ 2 პირს შეუძლია.

​მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით ისჯება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100