სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას მოუტანს მსოფლიოს ომები და რევოლუციები არაბულ ქვეყნებში?

ტუნისიდან დაწყებული რევოლუციური ტალღა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა, თავის მოქმედებას უკვე ნახევარი წელია აგრძელებს. ანალიტიკოსებს კი უკვე საკმარისი მასალა აქვთ საიმისოდ, რომ პირველი შედეგები შეაჯამონ და გარკვეული დასკვნებიც გააკეთონ.

თავდაპირველად, იმ მიზეზის შესახებ, თუ რამ გამოიწვია არაბული რეჟიმების რღვევა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, თუმცა, ახლა სპეციალისტების უმრავლესობა უკვე შეჯერდა იმაზე, რომ გადაწყვეტი როლი სწორედ გარედან პროვოცირებულმა ფაქტორებმა ითამაშა. ტუნისსა და ეგვიპტეში რევოლუციების წარმატების მიზეზი სამხედრო ელიტის პოზიცია გახდა, რომელმაც მხარი მოპროტესტე ხალხის მასას დაუჭირა, ლიბიაში კი განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა. სამხედრო ელიტა მუამარ კადაფის ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავიდა, რამაც ქვეყანა, საბოლოოდ, სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. იემენში და სირიაშიც, ანალოგიურად, არმია პრეზიდენტების მხარეს დარჩა, თუმცა ექსპერტების აზრით, ამ ქვეყნებში საშინაო ფაქტორები, შესაძლოა, შეიცვალოს.

დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ მმართველი რეჟიმების დაცემა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ახალი არაბული დემოკრატიის დაბადებას. მეტ–ნაკლებად რეალური სურათი კი ტუნისსა და ეგვიპტეში არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო ბლოკების და მთავრობების ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდება. დღეისათვის, ამ ქვეყნებში რთული სიტუაციაა. ბევრი ეგვიპტელი თვლის, რომ კომენდატის საათზე უარის თქმა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ნორმალიზდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, საპოლიციო აპარატის დანგრევის შემდეგ.

სირიის მაგალითმა კი აჩვენა, თუ რა სწრაფად შეიძლება ქუჩის პროტესტი მასობრივ უწესრიგობასა და თითქმის სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. არმია სპეცოპერაციას აგრძელებს, ამბოხებულები მასთან ბრძოლას და, პარალელურად, შეიარაღებული ბანდები უკვე მოსახლეობას ატერორებენ. ხელისუფლება კი უკვე იმასაც ირწმუნება, რომ გარკვეულ რეგიონებში არმიიის ნაწილებს სწორედ ამ მოსახლეობის თხოვნით აგზავნის.

მოკლედ, სიტუაცია რეგიონში ჯერ მაინც დაულაგებელი და არაპროგნოზირებადია. ვიდრე არაბული ქვეყნების ნაწილში ჯერ კიდევ ომები მიმდინარეობს, მსოფლიო უკვე რევოლუციებგამოვლილ სახელმწიფოებში არჩევნებს და ახალ პოლიტიკურ რეალიებს ინტერესით ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100