თიბისი კაპიტალის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესახებ
11.11.2015თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ სპეციალიზებული კვლევა გამოაქვეყნა.კვლევის საშუალებით პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ელექტროენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის შესაძლებლობებს, მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
კვლევაში დეტალურად არის განხილული ჰიდროენერგეტიკის დარგის ზრდისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები; ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი, ასევე ელექტროენერგიის საბითუმო და სამომხმარებლო ტარიფების დინამიკა; ელექტროენერგეტიკის მზარდი საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოს მეზობელ და წამყვან სავაჭრო პარტნიორ თურქეთში; საქართველოს მისწრაფება გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის რეგიონალური კვანძი და გაზარდოს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრე მეზობელ ქვეყნებში.
„ასეთი ტიპის ანგარიშის მიზანი იყო სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, უცხოელი ინვესტორების საქართველოს ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში დახმარება. ჩვენ ამ გამოცემაში გავაერთიანეთ თიბისი ბანკის მიერ ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, რაც ვფიქრობ, საინტერესო წყაროა სფეროთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის. გრძელვადიანად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს სექტორი განვითარდეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ თიბისი ბანკს 150 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ამ სფეროში და სამომავლოდაც, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართლებით,“- აცხადებს თიბისი ბანკის კორპორატიული საბანკო ბიზნესის და თიბისი კაპიტალის დირექტორი,დავით წიკლაური.
თიბისი კაპიტალი, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული ანგარიში მომზადდა, კვლევითი საქმიანობის გარდა საბროკერო და კორპორატიულ საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა. თიბისი კაპიტალი პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილი მსგავსი ტიპის კვლევების გამოქვეყნებას ეკონომიკის სხვა მიმართულებითაც გეგმავს.
კვლევა ინგლისურ ენაზეა გამოცემული და ხელმისაწვდომია ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის, ვებ-გვერდზე tbccapital.ge
კომენტარი