მოსკოვში, საპროტესტო მიტინგზე შეკრებილებს პირველმა ბორის აკუნინმა მიმართა
არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო პოზიციის დასაფიქსირებლად მოსკოვში, სახაროვის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს პირველად მწერალმა ბორის აკუნინმა მიმართა:
მათ იმედი აქვთ, რომ ჩვენს ნაწილებად დაშლას, დაქსაქსვას მოახერხებდნენ, მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს არ გამოუვათ, რადგან ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს, უფრო მეტია იმასთან შედარებით, რაც გვაშორებს ერთმანეთს. აქ გამოსვლამდე ჩვენ ერთმანეთში კულისებში ვბჭობდით, რა დაგვერქმია ამ ახალი მოძრაობისთვის, რომელიც დღეს ჩვენს თვალწინ იბადება. ერთ აზრამდე ვერ მივედით, მაგრამ მოძრაობამ თვითონვე დაირქვა სახელი იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც მის მონაწილეებს აქვთ: „პატიოსანი რუსეთი“.
მე დღეს აქ სულ სხვა განწყობით მოვედი, ვიდრე ჭაობის მოედანზე. ჭაობის მოედანზე ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ხელისუფლება კიდევ ცოტა ხნით მოგვეთმმინა. მაგრამ რით გვიპასუხა ხელისუფლებამ? წამსვლელმა პრეზიდენტმა, რომელთან მიმართებაშიც ძნელი გასარკვევია, საერთოდ უნდა მოუსმინო თუ არა, რაღაც ბუნდოვანი დაპირებები მოგვცა.
ადამიანმა, რომლის პრეზიდენტად დასმასაც გვიპირებენ, შეურაცხყოფა მოგვაყენა. თქვენ მოგწონთ ის პასუხი, რაც პუტინმა გაგვცა?“ – იკითხა აკუნინმა და როცა პასუხად უარყოფის შეძახილები მიიღო, კიდევ ერთი კითხვა დასვა: „გინდათ ეს კაცი პრეზიდენტად?“. ამ კითხვასაც მოჰყვა უარყოფითი შეძახილები, თუმცა, აკუნინმა აზრის უფრო ხმამაღლა გამოთქმა მოითხოვა: „ამ ხმას კრემლში ნამდვილად ვერ გაიგონებენ. გინდათ პუტინი პრეზიდენტად?“ – პასუხად მიღებული ხმამაღალი სტვენისა და „არას“ შემდეგ აკუნინმა განაცხადა: „ბატონო პუტინ! მალე ასე დაგიყვირებთ მთელი რუსეთი!“. მწერალმა მომიტინგეებს სახალისო „საშინაო დავალებაც“ მისცა: საახალხწლო არდადეგებზე ყველამ ვიფიქროთ, რომ პუტინი არა კრემლში, არამედ პენსიაზე გავუშვათ. გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ახალ რუსეთს!“
მიტინგი სახაროვის გამზირზე დაახლოებით 30 წუთის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. სახაროვის გამზირზე პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნება. მიტინგის მსვლელობაში ათეულობით ათასი მოქალაქე მონაწილეობს. სოციალური ქსელების საშუალებით გუშინ 50.000–ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა მიტინგზე მისვლის სურვილი. ამ წუთებში მიტინგზე ბორის ნემცოვი გამოდის და მისი თქმით, მიტინგზე 100 ათას ადამიანზე მეტია მისული.
„ეხო მოსკვის“ ერთ–ერთი ონლაინრეპორტაჟის ნახვა მოსკოვში მიმდინარე მიტინგიდან ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარი