როგორ არ შედგა ვლადიმირ პოზნერის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან
9 თებერვალს itv-ის ვიდეოსიუჟეტში შემდეგი ინფორმაცია გადაიცა:
„ცენზურის გამო ვლადიმერ პოზნერმა შესაძლოა რუსეთის პირველი არხი დატოვოს. ტელეწამყვანის აღშფოთება თიკა კანდელაკის ინტერვიუდან ფრაგმენტის ამოჭრამ გამოიწვია, სადაც პოზნერი და კანდელაკი სწორედ ცენზურაზე კამათობენ. გადაცემის ავტორისა და წამყვანის განცხადებით მის გადაცემას ცენზურის თვალსაზრისით ნაკლებად აწუხებდნენ და პირველი არხიდან წასვლა აქამდე ამიტომ არც უფიქრია.”
ვლადიმერ პოზნერი ფრიად სერიოზული ფიგურაა რუსულ ტელესივრცეში საიმისოდ, რომ მის საპროტესტო ჟესტს გულგრილად შეხვდეს ელიტარული მაყურებელი. თავის ერთ–ერთ ინტერვიუში გაზეთი „პუბლიკა“ მსგავსი სარედაქციო კაპრიზების შესახებ ეკითხებოდა ტელეწამყვანს, რაზეც პოზნერი პასუხობდა:
„არის თუ არა კომპრომისები, რომელებზეც მე შემიძლია წავიდე I არხთან? რა თქმა უნდა არის! მე არ შემიძლია ნებისმიერი ადამიანის მოწვევა. I არხს შეუძლია მითხრას: „ჩვენ ამ ადამიანის ხილვა არ გვსურს ჩვენს ეკრანზე“. მე ან დავანებებ თავს მათთან მუშაობას, ან დავთანხმდები.“
ეს იყო 2009 წელს – მას შემდეგ, თითქმის სამი წლის მანძილზე, როგორც ჩანს, პოზნერი ცოტად თუ მეტად თანხმდებოდა კომპრომისულ ურთიერთობებს, მაგრამ ახლა, ეტყობა, ძალიან გადავიდნენ ზღვარს პირველარხელები...
არადა, ხუმრობა ხომ არ არის, ასეთ ცნობილ პიროვნებასთან კონფლიქტში შესვლა!
ასაკოვან მაყურებლებს ჩვენშიაც ეხსომებათ – თავის დროზე, გასული საუკუნის 80–იან 90–იან წლებში პოზნერი იყო რეიტინგული გადაცემების: „წრის კვადრატურა“, „ადამიანი ნიღბით“, „სიტყვის თავისუფლება“ და სხვ ავტორი და წამყვანი; უძღვებოდა ტელეხიდებს აშშ–სა და სსრკ–ს შორის.
სხვათა შორის, გაზეთ „ პუბლიკასთვის“ მიცემულ ზემოხსენებულ ინტერვიუში (31.03.2009) პოზნერი იხსენებს ამ ტელეხიდებს და დასძენს: „ჩვენ მოვიგონეთ ეს ტელეხიდები, რათა ადამიანებს შეძლებოდათ ერთმანეთის თვალებში ჩაეხედათ, თანაც პოლიტიკოსებს კი არა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იყო მაშინ... მე იმასაც კი ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა ამის გაკეთება ახლაც და, არა იმდენად შეერთებულ შტატებთან, რამდენადაც ბალტიის ქვეყნებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან. მე რამდენჯერმე ნათქვამი მაქვს, რომ კარგი იქნებოდა 200 რიგითი მოქალაქე დაგვესვა მოსკოვის სტუდიაში, ამდენივე – თბილისის სტუდიაში და გულახდილად გვესაუბრა, რა ხდება ჩვენს თავს. სამწუხაროდ, ასეთი ინტერესი ჯერ არ არის.“
ახალმა მოვლენებმა და იმ ფაქტმა, რომ გაზეთის ეს ინტერვიუ ზუსტად ზვიად გამსახურდიას დაბადების 70 წლისთავს ემთხვევა, გამახსენა ადრინდელი შემთხვევა იმავე პოზნერთან, რომლის თაობაზეც საიტ „ლაგოდეხის“ შემქმნელსა და ამავე ქალაქში დაბადებულსა და აღზრდილ კაზაკების შთამომავალ, ამჟამად უკრაინის მკვიდრ – პეტრე ზგონიკოვს აქვს მოთხრობილი:
„მე ვიყავი ვლადიმერ პოზნერის ინტერვიუს ინიციატორი ზვიად გამსახურდიასთან. იდეა გაჩნდა სრულიად მოულოდნელად. 1991 წლის აპრილში პოზნერი ჩამოვიდა ხარკოვში ტელემაყურებლებთან შესახვედრად. მე მაშინ ვთანამშრომლობდი ხარკოვის გაზეთ «АТВ»–სთან („ალტერნატიული ტელევიზია“) – მთელ საბჭოთა კავშირში ერთ–ერთ პირველ კერძო გაზეთთან. გაზეთის პოპულარობას ზრდიდა ფაქტი, რომ ის ბეჭდავდა კერძო სატელევიზიო არხის – „ტონის–ცენტრის“ ტელეპროგრამებს. ჩვენ გაგვაჩნდა გარკვეული სახსრები და შეგვეძლო ამბიციური პროექტების უფლება მიგვეცა ჩვენი თავისთვის. ერთი ასეთი პროექტი იქნებოდა სწორედ პოზნერის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან.
მე დავურეკე პოზნერს სასტუმროში. როდესაც გაიგო, რომ დამოუკიდებელი გაზეთის თანამშრომელი ვიყავი, დამთანხმდა ინტერვიუზე, რომელმაც არაფორმალური ხასიათი მიიღო და, როცა ვიგრძენი, რომ გაჩნდა ურთიერთსიმპათია, უეცრად ვკითხე პოზნერს: „ხომ არ ისურვებდით ინტერვიუს აღებას ზვიად გამსახურდიასაგან?“ „სიამოვნებით – მიპასუხა პოზნერმა – ზვიადი ყოველთვის იწვევდა ჩემში მომეტებულ ინტერესს – ეს არის ნათლად გამოკვეთილი, გამოჩენილი პიროვნება და მე დიდი ხანია ვოცნებობ მასთან შეხვედრაზე. მე საქართველოც მომწონს; ჩემი შეხედულებით, ის ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირის ერთი ყველაზე ლიბერალური რესპუბლიკა“. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა: „ მე თუ ოდესმე მომიხდება პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა, მე ამ თავშესაფარს მოვითხოვ საქართველოში!“ ასე მიპასუხა კაცმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში და მოვლილი ჰქონდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა...
მე დავუკავშირდი საქართველოში ჩემს მეგობარს, რომელმაც მაცნობა, რომ პრეზიდენტის პრესცენტრის სამსახურის ცნობით, ზვიად გამსახურდიამ თანხმობა განაცხადა პოზნერთან ინტერვიუზე.
შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან მაისის პირველი რიცხვებისთვის დაინიშნა. ჩვენმა გაზეთმა შეიძინა ბილეთები ავიარეისზე „მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი“ და პოზნერის მიერ დათქმულ დროზე მე და «АТВ»–ის რედაქტორი დავეშვით მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში.
მაგრამ დათქმულ დროზე ვლადიმერ პოზნერი არ გამოცხადდა აეროპორტში. მან ტელეფონით გვიპასუხა, რომ არ მოგვყვება თბილისში პრინციპული მოსაზრების გამო. აღმოჩნდა, რომ დათქმულ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე მას დაურეკეს გავლენიანმა მოსკოველმა ქართველებმა და აცნობეს, რომ მათი მეშვეობით გამსახურდია ითხოვდა გაგებას, თუ რა კითხვების დასმას აპირებდა პოზნერი. „ამის შემდეგ – გვითხრა პოზნერმა – მე განვიხიბლე ზვიად გამსახურდიათი; ისე, როგორც მოიქცა ის, არ იქცევიან ლიბერალური შეხედულებების ადამიანები...“
შემდეგ პეტრე ზგონიკოვი, თავის მხრივ დასძენს: „როგორც ჩანს, ამ ინციდენტმა ღრმა კვალი დატოვა პოზნერის ცნობიერებაში. ნახევარი წლის შემდეგ მე ვუყურებდი რუსეთის ტელევიზიის გადაცემას. თოკ–შოუს მონაწილეებს, ცნობილ პიროვნებებს, რომელთა შორისაც იყო ვლადიმერ პოზნერი, მისცეს შეკითხვა, რომელ ქვეყანას აირჩევდნენ საცხოვრებლად, რუსეთიდან რომ დასჭირვებოდათ ემიგრირება. როდესაც პოზნერის რიგი დადგა, მან უპასუხა: „ადრე, ნახევარი წლის წინ ასეთ ქვეყნად მე დავასახელებდი საქართველოს. მაგრამ შემდეგ მე შემემთხვა ისტორია, რომელმაც შემაცვლევინა აზრი ამ ქვეყანაზე სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით...“
ახლა კი დროა ალბათ ჩვენი ბოლოსიტყვაობა დავურთოთ ამ პატარა ისტორიას:
ვინც ზვიად გამსახურდიას პიროვნებას მეტ–ნაკლებად იცნობს, იცის, რომ ინტერვიუ მისთვის იყო იმპერიულ ძალთა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მხილების საუკეთესო საშუალება. სწორედ 1991 წელს მას ინტერვიუები აქვს მიცემული „კომსომოლსკაია პრავდას“ (21 თებერვალი), „ოგონიოკის“ (№9, თებერვალი), „ნეზავისიმაია გაზეტას“ (7 აპრილი), „ტრუდის“ (27 ივნისი), „არგუმენტი ი ფაქტის“ (№25) კორესპონდენტებისათვის და, შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რომელი ერთი ჟურნალისტი მოეთათბირებოდა წინასწარ კითხვების დასმის თაობაზე! ზვიად გამსახურდია არანაირ კითხვას არ უშინდებოდა, რადგან სიმართლე იყო მისი ფარი და მახვილი; რაც უფრო მზაკვრულ კითხვას უსვამდნენ, მით უფრო მწარე სიმართლით პასუხობდა პრეზიდენტი. ამდენად, პოზნერის ტელეაუდიტორია იქნებოდა მისთვის პირდაპირ მისწრება საქართველოს სვე–ბედის მსოფლიოს მასშტაბით სააშკარაოზე გასატანად!
ხოლო, ვინ იყვნენ ის „გავლენიანი მოსკოველი ქართველები“, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს ითხოვდნენ პოზნერისაგან?
დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას საახლობლო წრეში არ ივარაუდებოდნენ „გავლენიანი მოსკოველი ქართველები“, რადგან გავლენიანნი მოსკოვში მაშინ მხოლოდ საბჭოთა კრიმინალური ინტელიგენციის წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ. შესაბამისად, კიდეც რომ ჰქონოდა ასეთი სურვილი, ზვიად გამსახურდია, რომელიც არათუ გარეშეთ, არამედ მასთან ძალად მიტმასნილ და „დაახლოებულ“ პირთაც კი არ ენდობოდა, ბუნებრივია, მათ არ დააბარებდა თავის სათხოვარს!
სინამდვილეში, ეს ის კრემლის ლაქია ქართველები გახლდნენ, რომელთაც შესანიშნავად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რა რეზონანსი შეიძლება მოჰყოლოდა ამ ინტერვიუს მსოფლიოში და ყოველი ღონე უნდა ეხმარათ მისი ბლოკირებისათვის! ამავე დროს, მეორეს მხრივ, მათ კარგად იცოდნენ პოზნერის ჟურნალისტური კრედო და მოქმედებათა ის სპექტრი, თუ როგორ ირეაგირებდა ასეთ პასუხზე პოზნერი.
ხოლო რა მოხდა რეალურად? უშუალოდ 1991 წელს, რიგი მიზეზების გამო, არ მოხერხდა ჭეშმარიტების დადგენა; მაგრამ, რადგან იდეის ავტორი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბოლომდე ჩასძიებოდნენ ამ უსიამოვნო ინციდენტს და საგანგებოდ დააბარეს ამბის გარკვევა თბილისიდან წასულ იმ მცირერიცხოვანი დელეგაციის ერთ–ერთ წევრს, რომელიც 1993 წლის თებერვალში ესტუმრა ზვიად გამსახურდიას გროზნოში. მან მორიდებით დაუსვა კითხვა პრეზიდენტს, თუ რატომ უღალატა თავის პრინციპს და რატომ მოსთხოვა პოზნერს ინტერვიუში დასასმელი კითხვების წინასწარ შეტყობინება. პასუხი იყო ისეთი, როგორსაც ელოდნენ კითხვის დამბარებლებიცა და დამსმელიც – ზვიად გამსახურდიას საერთოდ არაფერი სმენოდა პოზნერთან ინტერვიუს თაობაზე!
კომენტარი