სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის მერი, წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გასხვისებას, დავების დამთავრებამდე, არ აპირებს

ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ბიზნესმენმა და ოჯახის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას ინფორმაცია მიაწოდეს.

ისტორია კი ასეთია: 2009 წელს დიდი ხნის მუქარის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ დააკავა ზურაბ ფილიპია. ზურაბ ფილიპიას გათავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურამ მათთვის სასურველი ქონებების ჩუქება მოითხოვა.

2010 წელს მუქარისა და იძულების შედეგად, ქუთაისის #2 საპყრობილიდან გამოგზავნილი მინდობილობის საფუძველზე, ზურაბ ფილიპიას შვილმა ქუთაისის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა თხოვნით ჩაებარებინა სახელმწიფოსთვის ზურაბ ფილიპიასა და მისი კომპანიის კუთვნილი კერძო საკუთრებები, რომელსაც ჩუქების წესით გადასცემდნენ სახელმწიფოს. ზუსტად ასევე ეწერა განცხადებაში - “გთხოვთ იჩუქოთ”.

2011 წელს საეჭვო გარიგების საფუძველზე, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფს“ ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული 13 ობიექტი ერთდროულად გადაეცა. მათ შორის იყო ფილიპიების ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონება.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიზნესმენები ცდილობენ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და იძულების წესით ჩამორთმეული ქონება დაიბრუნონ. მათი ქონების ნაწილი დღემდე „შიტრიტ ჯგუფის“ საკუთრებაშია და მიუხედავდ იმისა, რომ ებრაულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სახელმწიფოს მათთვის ქონება არ ჩამოურთმევია.

ბიზნესმენების მოთხოვნებს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია გამოეხმაურა. ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში მურღულიამ განაცხადა, რომ საქმეს იცნობს და მისი ინფორმაციით, “შიტრის ჯგუფს“ სურს 13 ობიექტიდან 3 თუ 4 ფართი დაიტოვოს და დანარჩენი მილიონობით ქონება უნდა დაბრუნონ უკან სახელმწიფოს, თუნდაც ჯარიმა და ვალდებულება ეპატიოს... სახელმწიფო არ აპირებს მათ რაიმე ვალებულებები მოუხსნას, მათ შორის ის ვალდებულებები, რომელზეც ეს ადამიანები დავობენ. მერის ინფორმაციით, ინვესტორმა გარკვეული ფართები უკან უნდა დაუბრუნოს სახელმწიფოს და მათ შორის არის ფილიპიების სადაო ქონება.

“სანამ მერის მოვალეობის შემსრულებელი გავხდებოდი, „შიტრიტ ჯგუფმა“ მიმართა ხელისუფლებას წერილობით, სადაც ნახსენებ სადავო ქონებაზეც საუბრობდნენ. ის სთავაზობდა ქალაქს, ვალდებულებების მოხსნის სანაცვლოდ, რასაც ცენტრალური ხელისუფლებაც ხშირად აკეთებს, დამატებითი პირობების შესრულებას. მე დიდი მიწერ-მოწერა დამხვდა. ისინი ეკონომიკის სამინისტროს წერდნენ და პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთან აქვთ.

ჩვენ მოგვიანებით ჩავერთეთ ამ თემაში. როგორც ვიცი, „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენლები, როდესაც პრემიერის შეხვედრა იყო ქუთაისში ბიზნესთან, იქაც იყვნენ, სადაც ბიზნესომბუდსმენიც იყო. რამდენადაც ვიცი, განაცხადეს, რომ ჩვენ ვერ ვუგვარებდით ინვესტორს რაღაც თემას. ამის შემდეგ იქვე განვმარტე, რომ ქალაქს არ აქვს უფლება რაიმე აპატიოს ან არ აპატიოს ვინმეს. ამის უფლება კანონმდებლობით აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. იქვე განვაცხადე, რომ ამ ვალდებულებებს თავის ყველაფრით გადავცემდით ხელისუფლებას და ისინი გადაწყვეტდნენ აპატიებნენ თუ არა ინვესტორს შეუსრულებელ ვალდებულებებს.

ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია რას მოილაპარაკებენ. თუმცა, მერე ალბათ ჩაგვრთავენ.”-აცხადებს მურღულია.

ქუთაისის მერი ამბობს, რომ თუ ქონებას სახელმწიფო დაიბრუნებს, მოთხოვნილი აქვთ ყველაფერი ქუთაისის თვითმმართველობას უკან გადაეცეს. ასევე, მურღულია დებს პირობას, რომ არცერთ სადაო ქონებას, რომელიც ქალაქის ბალანსზეა, დავის დასრულებამდე არ გაყიდის. „ჩვენს ბალანსზე სხვა მსგავსი პრობლემატური ქონებაცაა, წინა ხელისუფლება რასაც აკეთებდა ძალიან კარგად ვიცი. იყვნენ ჩემთან მოსულები დაზარალებულები და მათ ვუთხარი, რომ ვიდრე სამართლებრივი პროცესი არ დასრულდება, მე ამ ქონებებს არ გავყიდი. დღესაც გაჩერებული მაქვს ეს პროცესი და თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქონება დასაბრუნებელია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.“ - აცხადებს შოთა მურღულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100