ცესკოს განცხადება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით
გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს.
კონკრეტულად,
სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით.
სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია კი -177 ათას ლარს.
რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდების დასახელებები და არა ის თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ჰქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა რეალურად შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ზომის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად.
შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო სრულად ენახა.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კვლევებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით.
შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების უარყოფა საჯაროდ.
კომენტარი