არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება
გვსურს განვაცხადოთ, რომ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ მარკირების თემასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილზე რეაგირება სწრაფი იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას, თუმცა მარკირების ორი თვით გადადება პრობლემას არ ხსნის. ჩვენ მიგვაჩნია, და საერთაშორისო გამოცდილებაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაჩვენებს, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება, როგორც ასეთი, უნდა გაუქმდეს.
შეშფოთებას იწვევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურს ამ თემაზე ბიზნეს სექტორთან შეხვედრა და თითქოსდა ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ განცხადებას, რადგან არასდროს, მოლაპარაკების არცერთ ეტაპზე მსგავსი რამ არ მოგვითხოვია, რადგან მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უცხოური კომპანიისთვის გადახდა.
აღნიშნული ფაქტი ნათლად გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრა, რათა ბიზნესს მიეცეს საშუალება არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია და იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს.
კომენტარი