აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საინგილოს სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა კახის და ზაქათალის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება კახის რაიონიდან.
„ჩხრეკა სკოლებში დილის 11:00 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორების თანდასწრებით საკლასო ოთახებში ჩამოიარეს და ქართული წიგნები ჩანთებიდან ამოიღეს. ჩხრეკის შემდეგ სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში დაიბარეს“, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.
მისივე ცნობით, ის კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლის დირექციას დაუკავშირდა, სადაც ჩხრეკის ფაქტი უარყვეს. თუმცა, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბავშვებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩამორთმევა მოსწავლეების მშობლებმა დაადასტურეს. „ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში და მაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პროტჟებსკაიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ საინგილოს ქართულ სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ამოღების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. „საინგილოს ქართული სექტორის სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ექვემდებარება. ისინი ქართულ სახელმძღვანელოებს თავად იძენენ და თვითონვე გადააქვთ აზერბაიჯანში. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები არ ვართ“, - აღნიშნა პროტჟებსკაიამ. მისივე თქმით, სამინისტროს არც დღეს, დილით, ლაგოდეხთან, მომხდარი ფაქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას, ლაგოდეხთან, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.
როგორც საფაროვამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ არსებობს.
ლაგოდეხთან მომხდარ ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. დეპუტატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.
„აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით, რადგან საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა. ჩვენ შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა ჯალაღანიამ.
ცნობისათვის, კახის და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები ჰერების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.
სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათ ინფორმაცია არც საინგილოში ქართული სექტორის სკოლებში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ აქვთ.
კომენტარი