სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუცა ჯანელიძე: „ბრიტნი სპირსის დონის მომღერალი ყველა საშუალო სკოლაშია!"

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი, მხიარული, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, მისი ეკრანზე გამოჩენა ყველას ღიმილსა და დადებით ემოციას გვანიჭებს, რაც მთავარია, ქალბატონ ნუცას როიალთან დანახვა ტკბილ ჰანგებს გვპირდება, ალბათ, მიხვდით ვისზე მაქვს საუბარი, ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ნუცა ჯანელიძეა:

– სანამ "ფორტე"-სთან გავაგრძელებდი მჭიდრო და ხანგრძლივ ურთიერთობას, მანამდე ვიყავი ყველა სოლისტის კონცერტმეისტერი, ქალბატონი ნანი ბრეგვაძის გარდა. კონცერტმეისტერობა როცა დავიწყე, ვიყავი ძალიან პატარა, ალბათ, 17 წლის. იმ დროს ნაკლებობა იყო ამ სფეროში, ერთადერთი მედეა გონგლიაშვილი გახლდათ, რომელიც ნანი ბრეგვაძის კონცერტმეისტერი იყო და დანარჩენებს კი, ვისაც ფორტეპიანოს თანხლებით სურდა სიმღერა, ყველა მე მეძახდა. პირველი იყო ტრიო "პალიტრა" – ეს სტუდენტობის დროს, მაშინ პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. შემდეგ ტრიო "სიმი", რომელთანაც მქონდა რამდენიმე სიმღერა გაკეთებული. მაცაცო სებისკვერაძის საღამოებზეც მიწევდა ცნობილ მომღერლებთან მუშაობა, მქონდა ამის ბედნიერება. იყო ასევე ანსამბლი "თბილისი", მათთანაც რამდენიმე სიმღერა გავაკეთე.

– თქვენ არ გიცდიათ მარტოს გემღერათ?

– კი, როგორ არა, მაგრამ შემრცხვა და გავჩერდი. შეიძლება თავის ქებად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ ერთხელ რობერტ ბარძიმაშვილთან მომიწია სიმღერა. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ჩემთვის სასიამოვნო უარი მივიღე, ასე მითხრა: მე მეორე ბრეგვაძე არ მინდაო. ამის შემდეგ დასრულდა ჩემი სასიმღერო კარიერა.

– წარმატებული პროექტი იყო „იმედის“ არხზე ,,ნუცას სკოლა“, მერე დაიხურა. რატომ?

– "ნუცას სკოლა 3" რომ დამთავრდა და იანვარში ჩავატარეთ საახალწლო კონცერტი, დაიწყო მზადება "იმედის ტალღისთვის". იმავდროულად მივიღე სასიამოვნო შემოთავაზება პირველი არხიდან. ეს ის პერიოდია, როცა საქართველომ დაიწყო "ევროვიზიის" კონკურსებში მონაწილეობა, უნდა ვყოფილიყავი შიდა შესარჩევი კონკურსის მუსიკალური პროდიუსერი. ჩემთვის ეს იყო პერსპექტიული თანამდებობა, რადგან ძალიან საინტერესო ხალხთან მომიწია ურთიერთობა, ფინანსურადაც ხელსაყრელი გახლდათ. სხვათა შორის, ყველა აღნიშნავდა, რომ მე ჩემი სახელითა და ჰაბიტუსით შერწყმული ვიყავი პროექტთან "ნუცას სკოლა", იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის სათაური კი არის აღებული, მაგრამ გადასარევად მომერგო. მე რომ არ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ასეთივე პროექტი წამოეწყოთ, მაგრამ უკვე სხვა სახელი ერქმეოდა.

-ამ ბოლო დროს ქართველი მომღერლები, მათ შორის ყოფილი "ნუცას სკოლელებიც", კლუბებში მღერიან, როგორ ფიქრობთ, ეს ქართული შოუ-ბიზნესის კრიზისის ბრალია?

– თქვენ წარმოიდგინეთ, სასურველია კლუბებში თავის წარმოჩენა, რადგან რეჟიმში ჯდება ყველა მომღერალი, ანუ ყოველ საღამოს უნდა იყოს ფორმაში, უნდა იცოდეს ბევრი სიმღერა, აუცილებელია იცოდეს მაყურებელთან კონტაქტი. პლუს ამას ხელფასი თითქოსდა სტაბილურია, მართალია, ცოტაა, მაგრამ...

რასაც ჰქვია შოუ-ბიზნესი კი, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაძლოა იყო შესანიშნავი მომღერალი, მაგრამ თუUარა გაქვს კარგი ანტურაჟი, დეკორაცია, მუსიკალური თანხლება, კარგი მოცეკვავეები თუ არა გყავს ან არა გაქვს კარგი ბექვოკალი, ორკესტრზე რომ აღარ ვილაპარაკო, შოუ-ბიზნესზე ლაპარაკი ზედმეტია!

– თქვენი აზრით, საქართველოში როდესმე არსებობდა შოუ-ბიზნესი?

– იყო კი, როგორ არა, იმართებოდა შოუ-კონცერტები, მაგრამ ამაზე გაცილებით რთულია მარტო იდგე სცენაზე და იმღერო, მაშინ უნდა იყო ძალიან მაგარი, ამ დროს ყველა მოგჩერებია შენ, გაკონტროლებს ერთ ადამიანს, აფასებს შენს ჩაცმულობას, რამდენად ფლობ მიკროფონს, დირიჟორს როგორ აქცევ ყურადღებას. სულ სხვა საკითხია, როცა შოუ იდგმება სცენაზე, შეიძლება მომღერალმა იმღეროს გადასარევად, მაგრამ ყურადღებას მაქსიმუმ 5-6 სიმღერაზე გრძნობდეს. აი, მერე უკვე იფანტება ეს ყველაფერი, ვიღაც სადღაც დგას და ცეკვავს, საიდანღაც წყალი ამოასხამს, დეკორაცია შეიცვლება. ასეთი კონცერტებიც იყო საქართველოში გაფორმებული დეკორაციებით, ბალეტით მახსოვს: ჩვენი კონცერტი, რომელიც 2001 წელს გაიმართა. ასევე ლელა წურწუმიას კონცერტი, თამუნა ამონაშვილის, მერაბ სეფაშვილისა და "ქუჩის ბიჭების" კონცერტები.

– აქტუალური თემა იყო ფონოგრამა, ხალხის გაღიზიანებას იწვევდა: თუ არ შეუძლიათ სიმღერა, რატომ იტყუებიანო?

– იყო ნამდვილად, მაგრამ ამას თავის გამართლებაც აქვს, ყოფილა შემთხვევა, "ფორტესაც" უმღერია პლუს ფონოგრამაზე, როცა ოთხი კაცი მღერის, ბალანსის ვარიანტია, თან რეპეტიციის დროც არა გაქვს, მაგალითად გალა-კონცერტის გამართვისას შეიძლება მომღერალს რეპეტიცია მოუწიოს მხოლოდ ორჯერ, ეს კი საკმარისი არაა. თან ფონოგრამა მომღერალს საშუალებას აძლევს ცოტა დაისვენოს.

– კონცერტები ძალიან იშვიათად იმართება, ერთადერთი უცხოელი მომღერალი თუ ჩამოვა და გამართავს კონცერტს....

– ვინც კი ჩამოდის, მე ჯაზ-ფესტივალზე არ ვამბობ, მოედანზე კონცერტები რომ იმართება და მათი ჰონორარი ბევრი ნულისგან შედგება. დედას გეფიცები მათთან შედარებით ქართველები თუ უკეთესი მომღერლები არ ვიყოთ.

მომღერალი რასაც ჰქვია და არა მოცეკვავე, რომელსაც ცოტა სიმღერა შეუძლია. ხვდები რასაც ვგულისხმობ? ადამიანს თუ პლასტიკა აქვს, მაღალი ფეხები და დიდი დეკოლტეც, ცოტა წამოკნავლებაც შეუძლია და მერე მის "ნამღერს" ფონოგრამები ასწორებს, რატომღაც უკვე მომღერლად თვლიან.

ვინ არის ეხლა ბრიტნი სპირსი, მითხარი რა? მისნაირი მომღერალი ყველა საშუალო სკოლაშია, მაგრამ რახან საზღვარგარეთ ვინმე მაგარია, აქაც უნდა ჩამოვიყვანოთ.

– ანუ ქართველებს მუსიკალური გემოვნება დაგვიქვეითდა?

– არა, მაგასაც ვერ ვიტყვი, უბრალოდ, რასაც ხალხს `სთავაზობენ~, თუნდაც მასმედია, მათთვის, ვისაც გემოვნება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვს, ეს არის დამღუპველი!!! მითუმეტეს, თუ ოჯახში არა ჰყავს ვინმე თავში "ჩამკაკუნებელი" და არ ეტყვის: შვილო, ამას კი არა, სხვას უსმინეო. აი, აქ უკვე დაღუპულია საქართველო! – ეს ერთი პრობლემა. მეორე, კარგ კონცერტზე ბილეთი ძვირი ღირს და გარეთ უფასოა, სპორტის სასახლეში მაქსიმუმ – 5 ლარი და სხვა გზა არც აქვს ხალხს, წავა, გადაიხდის ამ 5 ლარს, ცოტას იცეკვებს და ჰგონია, ეს არის კონცერტი, ეს არის ხელოვნება და ა.შ.

– რადიო "ნაცნობი"-ს გადაცემაზე მინდა ვისაუბროთ, ,,ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ – იპოვეთ?

– აბა რა, ყველაზე მეტად ვინც მახსოვს, ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა "იმედის დილის" პროგრამაში გამოდის. ერთმანეთს სიმღერასა და ცეკვაში რომ ეჯიბრებიან, ხომ იცით? იქ არის ერთ-ერთი ახლად შემდგარი ტრიო: ოთო კოვზირიძე, სანდრო კობახიძე და თურნავა. სწორედ ეს თურნავა აღმოვაჩინე მე ამ გადაცემის საშუალებით, შეიძლება ის მეგობრების წრეში მღეროდა ადრეც, მაგრამ ადამიანი, ვის ნამღერსაც მერე ხალხი ითხოვდა, რომ ხელმეორედ დაგვეტრიალებინა რადიოში, არის თურნავა.

– შემდეგ ამ აღმოჩენილ ტალანტებს რა პერსპექტივა აქვთ მომავალში?

– რადგანაც ამ გადაცემას არ ჰქონდა პრეტენზია ყველაზე მაღალ ბგერას ვინ აიღებდა, კარგად ვინ ჩაახვევდა და "ჩაახუჭუჭებდა", ამიტომ ჩვენი ჯილდო იყო სიმღერის ჩაწერა, რომელიც შემდეგ ეთერში გაუშვეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე პატარა მსმენელიც კი რეკავდა, დაწყებული 3 წლიდან.

– ყველაზე დიდი რა ასაკის იყო?

– 73 წლის ქალბატონები მღეროდნენ ფანტასტიურად, მითუმეტეს რუსულ რომანსებს. მე და ჩემი გადაცემის სტუმრებიც გაოგნებულები ვრჩებოდით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით! თქვენ წარმოიდგინეთ, გადაცემა ხუთი თვე გრძელდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100