თემურ გოჩიტაშვილი: „ხუდონჰესის მშენებლობაზე 80-90% ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს“
„ხუდონჰესის აშენების მომხრე ვარ, შეიძლება ითქვას პირველი კატეგორიის მომხრე. თუ ჩვენ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე ვართ ორიენტირებული, აუცილებლად უნდა აშენდეს ეს ჰესი. ეს პროექტი სახელმწიფო, საქვეყნო საქმეა და არა ვიღაცის ფინანსური ინტერესი ან მოგებაზე გათვლილი პროექტი. ხუდონის მშენებლობა ტექნიკური თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო ბიუჯეტში ხუდონის მშენებლობით შეტანილ კოლოსალურ თანხებზე რომ არაფერი ვთქვათ, ზამთარში ქვეყანას ელექტროენერგიით რომ მოამარაგებს და ენერგოდამოუკიდებელი იქნება ჩვენი ქვეყანა ეგეც საკმარისია,“ _ აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი თემურ გოჩიტაშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას და განსახლების თემას, რაც ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია აღნიშნულ პროექტზე მსჯელობისას, თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს:
„ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ხაიშსა და მის მიმდებარე სოფლებში არსებულ მოსახლეობას ჯეროვნად ვერავინ აუხსნეს ხუდონის მშენებლობის მნიშვნელობა. აუცილებელია, მეტი ჩართულობა, ადგილზე სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების ორგანიზება. როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა გააცნობიერებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისაა ხუდონის მშენებლობა, მერე მოვა და აქეთ გთხოვს, მშენებლობა წამოიწყეო.
და კიდევ ერთი საკითხი - ადგილობრივების დასაქმებისა და ხუდონჰესიდან მიღებული ელექტროენერგიის საკითხი. მიმაჩნია, რომ მშენებლობაზე ასი თუ არა, ოთხმოცი-ოთხმოცდაათი პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს და იმედი მაქვს, რომ ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ეს პუნქტი არის კიდევაც ჩადებული და ხუდონიდან მიღებული ელექტროენერგიით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული და თუ რამე რეზერვი დარჩება, ის წილი იქნას ექსპორტზე გატანილი.“
კომენტარი