სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ჰით ბათუმი 2015” -ის ფარგლებში "ღამის სერენადები“ დაიწყო

”ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. ამჯერად, 25-30 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში 25 აგვისტოს, საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" დაიწყო. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.

25 აგვისტოდან ბათუმი უკვე მეშვიდედ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ღამის სერენადებს“ მასპინძლობს. კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული სოლიტები და დირიჟორებიც მონაწილეობენ. „ღამის სერენადები“ წელს იცვლის გეოგრაფიას და მასშტაბებს და ბათუმის კონცერტებს თბილისური საღამოებიც შეემატება. წელს ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს - თბილისში. ფესტივალი საქველმოქმედო საღამოთი დაიხურება. კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

ღამის სერენადები 2009 წლიდან ბათუმში იმართება. მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ფესტივალში მონაწილეობს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ანსამბლი "ვირტუოზები" და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვა „ღამის სერენადების“ საფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაცია კვირეულის ფარგლებში შედგება.

გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქი „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში 25-30 აგვისტოს ედრიენ ბელიუს, ბიგ ჯონსა და გრუვსონიქსის უმასპინძლებს. ამასთან, ქართველი შემრულებლებიც მონაწილეობენ, მათ შორის დათო გომართელი, კორკოტა, ქუჩის მუსიკოსები,სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გიო ხუციშვილი და მისი ბიჭები, დავით ილურიძის ბენდი, გუფილენდი.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100