საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა
„ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა, სწორედ მთავრობის წარმატებულ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის საბოლოო ევროპიზაციის, მისი მოდერნიზაციის ბედი. მოგიწოდებთ ყველას, კარგად გაითავისეთ ეს პასუხისმგებლობა,“ – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რითაც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და გაეცნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ეროვნული სამოქმედო გეგმა შედგენილია უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე. გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო სექტორმა, საქართველოს პარლამენტმა და სახალხო დამცველის აპარატმა.
სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი დაესწრო.
კომენტარი