რა აღარ მოეთხოვებათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით დაინტერესებულ პირებს?
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით დაინტერესებული პირები საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესამოწმებელი ტესტირების გავლისგან თავისუფლდებიან. მათთან მიმართებაში მხოლოდ ქართული ენის ცოდნის დონე შემოწმდება.
ამას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მთლიანად გადაიხედა. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებშიც. კერძოდ, უქმდება სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამო (არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, სადღეისოდ მოქმედი კანონი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი პირების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს, არ არეგულირებს. პროექტით კი განსაზღვრულია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დაუშვებლობა იმ პირთათვის, ვისაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ამასთან, განისაზღვრა ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დაუშვებლობა, მათი მოქალაქეობის ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში, უშიშროებისა და მსგავს ორგანოებში სამსახურის გამო.
კომენტარი