სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ხელისუფლების სახე რელიგიურ პროფილში

17 აგვისტოს „Pussy Riot“-ის გოგონათა ჯგუფს, ეკლესიაში შესრულებული სიმღერისათვის: „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსოფლიოს საღად მოაზროვნე საზოგადოების - რელიგიური მოღვაწეების, პოლიტიკოსების, ხელოვანთა და ლიტერატორთა პროტესტის მიუხედავად, რუსეთის სასამართლომ ყურად არ იღო მომღერალთა ჯგუფის მხარდამჭერთა ხმა და შეუსაბამო ადგილას შესრულებული სიმღერის ფასად დამნაშავენი გრძელვადიან პატიმრობაში განამწესა.

რიგი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ სასიკვდილოდ დაშინებული ხელისუფლება და ეკლესია წავლენ პრიმიტიულ ორსვლიან კომბინაციაზე და მოგვიანებით, საეკლესიო მოღვაწენი, უეცრად აღძრული ქრისტიანული შემწყნარებლობით სთხოვენ ხელისუფლებას გუშინდელ ღვთისმგმობთა შეწყალებას და ხელისუფლებაც დიდსულოვნად წავა დათმობაზე... ნეტარ არიან მორწმუნენი!

იქნებ უჯობთ, დაფიქრდნენ და დაუკვირდნენ, ზუსტად განაჩენის გამოტანის წინა დღეებში რატომ იბღალებოდა ქრისტიანული სიწმინდეები და რუსი ჯარისკაცების ძეგლები რუსეთში და არა მარტო რუსეთში - ხომ არ იყო ეს გოგონების მკაცრი განაჩენისთვის წინასწარ მომზადებული ღონისძიებანი?! განა სულ ახლახან არ მოხდა, ჩეჩნეთში ომის დასაწყებად ხელისუფლება თვითონ რომ აფეთქებდა საკუთარ სახლებს?!

ასეა თუ ისე, ამ არაორდინარულმა მოვლენამ ორად გაჰყო რუსეთი და ირინა იასინას, რეგიონალური ჟურნალისტიკის კლუბის ხელმძღვანელის სიტყვებით თუ ვიტყვით: „ქვეყნის უმოწყალო და შავრაზმული ძალა დადგა კეთილმოწყალეთა პირისპირ...გოგონები ახალგაზრდები არიან და გაუძლებენ, მაგრამ ჩვენ, ჩვენ გავუძლებთ? ქვეყნის რომელი მხარე გაიმარჯვებს?“

მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს. ხოლო იმისათვის, რომ მკითხველს წარმოდგენა შევუქმნათ რუსეთის ამ ორი მხარის მოსაზრებებზე, ვთავაზობთ მას ცნობილი რუსი მოღვაწეების გამონათქვამებს ხსენებულ მოვლენასთან დაკავშირებით, საიტ „grani.ru“ -ს მონაცემების მიხედვით. თავდაპირველად ვნახოთ, თუ რას ფიქრობენ გოგონათა მხარდამჭერები:

ჰენრი რეზნიკი, ადვოკატი: „ეს არის მართლმსაჯულების აბსოლუტური დისკრედიტაცია. მე განაჩენს ვთვლი სისხლის სამართლის დანაშაულად. ამ მომღერლებს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ - სახეზეა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მათ მოქმედებაში არ ყოფილა რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივება. მე, როგორც იურისტი, განვიცდი სირცხვილის გრძნობას ამ სამართლის გამო“.

ანტონ ორეხი, ჟურნალისტი: „ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ ჩვენი იდეოლოგიიდან სურთ შექმნან ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი, რასაც ასე ცდილობენ საეკლესიო იერარქები; მაგრამ ამ პროცესმა სწორედ ეკლესიას დაარტყა. სამღვდელო ბიუროკრატიის პოზიციები სერიოზულად მომძლავრდნენ. საეკლესიო მოხელეები ახლა მოიპოვებენ ისეთ გავლენას, როგორიც არასდროს ჰქონიათ; მაგრამ ათასობით ადამიანისათვის საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ჩვენი ეკლესია გამოყოფილია არა სახელმწიფოსაგან, არამედ - მან თავი გამოყო ღმერთისაგან. მორწმუნეები არ შემცირდებიან, მაგრამ ტაძარში სიარულის სურვილი უკვე ბევრს გაუქრა. „Pussy Riot“-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გამოკვეთა რუსეთის იზოლაცია დანარჩენი სამყაროსაგან, რომელიც, როგორც მათ დაინახეს, ყოფილა არა მარტო აგრესიული და თავისუფლებას მოკლებული, არამედ, ამასთან ერთად, სამართლებრივ-რელიგიურად შავბნელი ქვეყანა. მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმას ეს ისტორია მიაყენებს ხელისუფლებას. სწორედ ასეთი პატარა საქმეებიდან იწყება ხელისუფლების რღვევა. კაპიკის საღირალი მოვლენა გადაიზარდა მსოფლიო მასშტაბში ისე, როგორც პატარა ბომბი იწვევს ატომურ აფეთქებას“.

ოლეგ ბასილაშვილი, მსახიობი: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აჩვენებს მხეცურ იერსახეს, „Pussy Riot“-ის მომხრეთა მიმართ შეუწყნარებლობას. ეკლესია დაეცა ჩემს თვალში, და მასთან ერთად უმაღლესი ხელისუფლება, რომელიც მკაცრად იძიებს შურს საკუთარი თავის მიმართ კრიტიკისათვის“.

ალექსეი ნავალნი, საზოგადო მოღვაწე: „ჩლიქების ბაკუნით დარბაზში შემოვიდა მოსამართლე და წაიკითხა განაჩენი. მის სიტყვებს თავს უკანტურებდა პროკურორი, რქების ფხანით. სწორედ ასე გამოიყურებოდა დღეს „მორწმუნეთა დაცვა“ წარმართთა და სატანისტთა შესრულებით“. მთავარმა ქურდმა უთხრა ხალხს: „ყველას ჩავსვამ, ვინც მე გამაბრაზებს - არ იფიქროთ, რომ ჩემი მანტიამოსხმული ეშმაკები შედრკებიან რაღაც კანონების წინაშე. აქ მე ვწყვეტ - ვინ და რამდენი ხნით უნდა იჯდეს!“

მარინა ლიტვინოვიჩი, საზოგადოებრივი აქტივისტი: „ხვალ ყველა რუსმა იურისტმა უნდა გადააგდოს დიპლომი. დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმოიშვა სრულიად სხვა სამართალი, რომლითაც დაისაჯა „Pussy Riot“-ი. ეს სამართალი ეყრდნობა სულ სხვა ფასეულობებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გადმონაშთებად ითვლებოდა. მოძალადეებსა და მკვლელებს აძლევენ პირობით სასჯელს, ხოლო მოცეკვავე გოგოებს, არავისთვის რომ არაფერი დაუშავებიათ, აპატიმრებენ“.

ანდრეი მაკარევიჩი, „მაშინა ვრემენის“ ლიდერი: „მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის შვილობა. მე მრცხვენია, რომ ჩვენ ასეთი კმაყოფილებით ვუჩვენებთ მსოფლიოს, რა მახინჯები ვართ.“

ელენა ზელინსკაია ,“მედიასოიუზის“ ვიცე-პრეზიდენტი: „ვისაც დღევანდელი განაჩენი ახარებს, ის პირველი იწვნევს საკუთარ თავზე მის საშინელ შედეგებს. არ შემიძლია ყველა მორწმუნის მაგივრად თქმა, მაგრამ ეს განაჩენი ჩემს, როგორც მორწმუნის გრძნობებს შეურაცხყოფს. მორწმუნენი მთელ ამ პროცესში წარმოჩინდებიან ბარბაროსებად“.

ალექსეი უმინსკი, დეკანოზი, სამების ტაძრის წინამძღვარი ხოხლოვკაში: „მე ვთვლი, რომ განაჩენი ზიანს აყენებს ეკლესიის ინტერესებს, რადგან სასამართლო პროცესზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეოხებით, ეკლესია წარმოდგა რეპრესიული მანქანის სახით, რაც არ შეიძლება ის იყოს თავისი არსით“.

ოლგა ბაკუშინსკაია, ჟურნალისტი: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო გოგირდის სუნს გამოსცემს მთელი მსოფლიოს ასაყროლებლად. მათ ახლა ჩვენ თავზე დაგვასვამენ. ყველასთვის, თვით ბავშვებისთვისაც კი ნათელია ეს. ისიც ცხადია, რომ ნებისმიერის ჩასმა შეუძლიათ, რაგინდ რა მიზეზით. ქვეყანაში აღარ არის კანონები, არ არის კონსტიტუცია, არ არის სასამრთლო, არ არის პოლიცია. გაიქეცით, თან თავი თვითონ დაიცავით. ნუღარ გააცდენთ ოპოზიციის ღონისძიებებს. საბავშვო ბაღი დამთავრდა“.

ახლა ვნახოთ, თუ რა მოსაზრებებს ეყრდნობიან გოგონების დასჯის მომხრეები:

ნიკოლაი ვალუევი, მოკრივე, სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატი: „პანკ-მუსიკოსები“ გასამართლებულნი არიან დამსახურებულად. ჩვენი სასამართლო სამართლიანია“.

მარგარიტა სიმონიანი, ტელეკომპანია „Russia Today“-ის რედაქტორი: „სახელმწიფო არ მიიჩნევს უპატიებლად, როცა ხელისუფლებას შეურაცხყოფენ; მაგრამ ეკლესია სულ სხვაა...“

ვლადიმერ ბურმატოვი, სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატი: „მოხარული ვარ, რომ „Pussy Riot“-ის საქმეს წერტილი დაესვა. იმედი მაქვს, დასრულდება ამ ჯგუფის მხარდამჭერთა შეშლილობა, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე - მის ფარგლებს გარეთაც“.

ირინა იაროვაია, სახელმწიფო „დუმის“ უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი: „ეს იყო ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების გამოცდა სიმტკიცეზე. რუსი ხალხი ტოლერანტულია და მომთმენი. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც იცავენ რუსეთის მოქალაქეებს“.

კირილ ფროლოვი, მართლმადიდებელ ექსპერტთა ასოციაციის მეთაური: „სიმბოლურია, რომ „ფუსი რაიოტის“ მკრეხელთათვის გამოტანილი ობიექტური და სამართლიანი განაჩენი გახმოვანებულია ვლადიმერ პუტინის ახალი საპრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თორმეტწლიანი მმართველობის მე-100 დღეზე. ვლადიმერ პუტინი წარმოაჩენს ამით, რომ არ დაუშვებს სიწმინდეების ხელყოფას, რუსეთზე გარედან ზეწოლას და ჭაობის „მეხუთე კოლონის“ მოქმედებას. იმისათვის, რათა წინ წამოვწიოთ რუსეთი, განვამტკიცოთ მისი სუვერენიტეტი, „ფუსი რაიოტის“ ნაკლებად მნიშვნელოვან გოგონებთან ერთად უნდა დაისაჯონ ჭაობის ყველა „მეფეები და დედოფლები“. ნების განსამტკიცებლად საჭიროა მტკიცე რწმენა. ამიტომაც, პატრიარქ კირილსა და ვლადიმერ პუტინს შორის კავშირი იხსნის რუსეთს!”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100