ღარიბაშვილმა მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნა
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
„დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ აშშ–სა და საქართველოს მთავრობას შორის განხორციელებულ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს. დღეს შევიკრიბეთ ამ ულამაზეს რეგიონში - აჭარაში, ბათუმში იმისათვის, რომ გავხსნათ თანამედროვე ნავმისადგომი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის - ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და ხელშეწყობით არის აშენებული. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლას ბერლინელის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყველა თანამშრომელს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელობას, სააგენტოს წარმომადგენლებს, ამერიკის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას, აგრეთვე საქართველოში თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს სანაპირო დაცვა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანი და მაღალპროფესიული,“–აღნიშნა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით ბოლო სამი წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდა: სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია; მცურავი ერთეულების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის უსაფრთხო ბაზირების პირობების შექმნა; მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდა.
„სიამოვნებით მინდა გავიხსენო, რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე, მაშინ გახლდით შინაგან საქმეთა მინისტრი, საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს.
„მე და ჩემი მთავრობის თითოეული წევრი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანესი პრინციპის - სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით განმტკიცდეს საერთაშორისო უსაფრთხოება. ჩვენ გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. ეს მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სახელმწიფო საზღვრის დამცველებს, რადგან ჩვენი საზღვრების ურღვევობა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება დიდად არის დამოკიდებული სწორედ თითოეული მათგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და ხელშეწყობით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასაზღვრო პოლიციას გადაეცა მოდერნიზებული საპატრულო კატარღა „P-103“, რომელსაც სახელი „ბათუმი“ მიენიჭა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (ვაშინგტონის ოფისი) და თავდაცვის საფრთხის შემცირების ევრაზიის ოფისის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარი