"ყველგან რომ გცნობენ, შიშველი ხარ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ყიფშიძესთან
ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი
ყიფშიძე დრონი.ჯი-ს პირად ცხოვრებაზე, მის განვლილ გზასა და იმ სიახლეებზე ესაუბრება, რომელსაც საზოგადოებას ჰპირდება.
- ზურა ყიფშიძის შვილობა მსახიობ გიორგი ყიფშიძისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო თუ პირიქით - გზის გამკვალავი?
- გამკვალავი იქნებოდა, როდესაც ზურა
ყიფშიძის შვილი ხარ. ზურა იმ დონის პოზიტივს ნიშნავს ქართულ საზოგადოებაში
და არ მხოლოდ, რომ ლოგიკურია ეს ჩემთვის გზის გამკვალავი იქნებოდა.
- მსახიობისთვის, ზოგადად, კინო და თეატრი ერთნაირად საყვარელია, შენს შემთხვევაში როგორ ხდება, სად არის თამაში უფრო რთული?
- ორივეს თავისებური სირთულე აქვს. სპექტაკლში
შეიძლება პირველად არ გამოგივიდეს თამაში,
მაგრამ საშუალება გაქვს ნელ-ნელა შეისწავლო შენი პერსონაჟი, იფიქრო და დროთა განმავლობაში
უკეთ წარმოაჩინო საკუთარი თავი და პერსონაჟი -ანუ გამოასწორო. ფილმში
კი ბევრი დუბლი გაქვს და საუკეთესოს არჩევთ და მორჩა. აი, დრო რომ გადის მერე ფიქრობ, ვაიმე სხვანაირად
უნდა მეთამაშა, მაგრამ ამას უკვე ვეღარ ასწორებ.
-ხარ არაჩვეულებრივი პროექტის, ნიჭიერის წამყვანი ვანიკოსთან ერთად. ყოველთვის გაქვს ჯეროვანი რეაქცია, ზოგჯერ ცრემლიც მოგერევა ხოლმე. რამდენად გულწრფელები ხართ ხოლმე? ( ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს თქვენი რეაქციები შოუს ნაწილია)
- იცით, ცრემლის მორევა
დადგმული ვერ იქნება, უბრალოდ ოპერატორები ამ ყველაფერს არ “მაზავენ“ და კადრში სვამენ.
ხშირ შემთხვევაში მობილიზებულები ვართ იმ კუთხით,
რომ, თუ ნომერი არის სახალისო, ჩვენ ავყვეთ ამ ყველაფერს. გვაძლევენ რეკვიზიტებს და
იმპროვიზაციით ერთად ვქმნით იუმორისტულ გარემოს.
- იყო პერიოდი, როდესაც ქართული კინო პარალიზებული იყო, მერე კი დაბრუნდა აბსოლუტურად განსხვავებული ფორმით და, შეიძლება ითქვას, ჟანრებით. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ცხრა აპრილი, აფხაზეთის
ამბები, ეს იყო მომენტი, როდესაც საქართველოში
კინოსთვის არავის ეცალა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მონდომებით
და ასე ვთქვათ „ჟილკით“ გადაიღეს ფილმები, რომლებიც მერე დაფასდა. მაგალითად: ხაინდრავამ, ნაკაშიძემ, მგელაძემ... მერე სადღაც
ორიათასისკენ ვცადეთ სერიალები „ცხელი ძაღლი“ და ასე შემდეგ, ნუ რაღაცას დაემსგავსა
იცით ნელ-ნელა და გამოვსწორდით. ვიცი, რომ ქართული კინო წამოდგება ფეხზე, ბოლო-ბოლო
ოსკარზე ვიყავით წარდეგენილნი, ეს ხომ პატარა საქმე არ არის.
- შენ ძალიან პოპულარული ადამიანი ხარ, როგორ გგონია, პოპულარული ადამიანები არიან თუ არა თავმდაბლები? შენს შემთხვევაში როგორ ხდება?
- წარმოიდგინე, დენიროს
გადაეყარე ქუჩაში, იცანი და ეს დაანახე, მან კი თავი დახარა მორიდებისგან და გაწითლდა,
მაშინ გადავირევი ასჯერ უფრო მეტად მასზე. ეს თვისება ადამიანში საუკეთესოა. თუ შენ
ცნობადი სახე ხარ და ამ თვისებას ინარჩუნებ,
ყველასთვის სასიამოვნო პიროვნებად იქცევა.
- გაგჩენია თუ არა სურვილი, რომ იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ვგულისხმობ, არ იყო ცნობადი სახე, არ მიიქციო ხალხის ყურადღება, დარჩე შეუმჩნეველი?
- ყველგან რომ გცნობენ, შიშველი ხარ.
- ყველაზე დიდი სურვილი, რომელიც გიორგი ყიფშიძეს სულ თან სდევს...
- უკეთესი რომ ვიყო ყოველ
დღე.
- არ შემიძლია არ გკითხო ზურაზე, რომელიც ქართველი მაყურებლის უსაყვარლესი მსახიობია. როგორი ურთიერთობა არსებობს მამა- შვილს შორის? როგორი მამაა ზურა? ხართ თუ არა მეგობრები?
- მე და ზურა პროფესიამ
და სცენამ უფრო დაგვაახლოვა, მეტი საერთო ინტერესი გაგვიჩინა, ერთმანეთი სხვა კუთხით
დაგვანახა. ძმაკაცები ვართ მარტივად რომ გითხრა.
იცით, თეატრალურში როდესაც ვაბარებდი ზურა მეუბნებოდა - „ არ გინდა, შენ ზუსტად არ
იცი. აქამდე არ გიხსენებია ახლა რომ მოგიარა, ესეიგი ეს არ არის ნამდვილი და გატაცებააო“,
ამიტომ არ დამხმარებია, პირიქით სულ მეჩხუბებოდა, ეშინოდა ჩემი ჩავარდნის. ეს ყველაფერი მკლავდა
და უფრო მიჩენდა ჩაბარების სურვილს. ნუ მოკლედ ხომ შევძელი (იცინის)
- რამდენიმე სიტყვით გვიამბე შენს პირად ცხოვრებაზე.
მყავს მეუღლე, რომლისგანაც პატარა პრინცი-ალექსანდრე შემეძინა. ასევე მყავს გოგონა, რომლსაც ყველა იცნობს. როდესაც ნატალია გაჩნდა ვერ გავაცნობიერე მამობა და ალექსანდრემ ისე მომატრიალა და გამომაფხიზლა, რომ ნატალიკოსაც სულ სხვანაირად მივუდექი. ნატალია ჩემი ძმაკაცი ჩემი ცხოვრების აზრი და სიხარულია. ბედნიერი ვარ და ამ თემაზე უსასრულო ბედნიერებით შემიძლია საუბარი.
კომენტარი