ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია სინგაპურის სასამართლომ $282 მლნ-ით შეამცირა
ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია სინგაპურის სასამართლომ 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი UBS-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.
5 ივლისის განაჩენით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო, რის შემდეგაც დადგა საჭიროება ხელახლა შეფასებულიყო მილიარდერისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა. წინა განაჩენით ეს თანხა 742.7 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, თუმცა როგორც ირკვევა, საკომპენსაციო თანხა სასამართლომ საბოლოოდ 282 მილიონი დოლარით შეამცირა.
თავად სინგაპურის სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნული განაჩენი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება 21 სექტემბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში გააკეთა, მაშინ მილიარდერმა თქვა, რომ კომპენსაციის მოცულობის დაზუსტება ორივე მხარის ექსპერტის ჩართულობით უნდა მომხდარიყო და ეს მხოლოდ ორი საათის საქმეს წარმოადგენდა, თუმცა Credit Suisse-ის ესქსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.
bm.ge
კომენტარი