სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა დააკავეს (ვიდეო)
ბოლო განახლება: 11.40 სთ.
შოუ-ბიზნესთან დაახლოებული კონფიდენციალური წყაროსგან „დრონი.ჯი“-მ შეიტყო, რომ 10 დეკემბერს, დაახლოებით დილის 8.00 საათზე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს ლალი მოროშკინა, რომელმაც გუშინ საღამოს, „ნანუკას შოუს“ ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმტაიმის“ მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს.
შსს ბრალდებულის სტატუსით მოროშკინას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი სახლიდან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მის მიმართ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო აღიძვრება თუ სისხლის სამართლის წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება. "დრონი.ჯი" განახლებულ ინფორმაციას ამავე სტატიაში პროცესის დასრულების შემდეგაც შემოგთავაზებთ.
სტუდიაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ლალი მოროშკინა ტელეკომპანია „კავკასიაში“ მივიდა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა, ლალი მოროშკინამ საჯაროდ აღიარა, რომ თაკო ფხაკაძე სცემა:
„მივმართავ სამართალდამცველებს, მიიღონ ჩემი განცხადება, როგორც აღიარება - მე ვცემე თაკო ფხაკაძე, რადგან მირჩევნია, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო“, - განაცხადა მოროშკინამ.
მოროშკინა გუშინ მომხდარ ინცინდენტს მიმდინარე წლის ზაფხულში ფოტორეპორტიორების დაკავებას ფაქტს უკავშირებს და ამბობს, რომ მაშინ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორი თაკო ფხაკაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ საკუთარი თანამშრომლის, ნათია გედენიძის დაკავებას არ აპროტესტებდა.
"კავკასიის" ეთერში ლალი მოროშკინამ „პრაიმტაიმს“ „ჭორიკანა გაზეთი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ის, რაც იქ კეთდება, ჟურნალისტიკა არ არის“, ამავე დროს, თაკო ფხაკაძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი „ვერ შედგა, როგორც პიროვნება, ქალი და ჟურნალისტი“.
სტუდიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 10 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 02.00 საათზე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც განმარტა, რომ მოროშკინას გაღიზიანება "პრაიმტაიმის" ნომინაციაში "უგემოვნო ქალბატონი" დასახელებამ გამოიწვია. ნანუკა ჟორჟოლიანმა სტატუსში აღნიშნა, რომ მოროშკინა ფხაკაძეს ჩანგალს უტრიალებდა ცხირწინ, მერე კი სცემა და დაემუქრა. "ამ კადრებს საზოგადოება აუცილებლად იხილავს", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
წინასწარი ინფორმაციით, ლალი მოროშკინა შს თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს „დრონი.ჯი“ დღის განმავლობაში გაცნობებთ.
ვიდეო: ლალი მოროშკინას აღიარება "კავკასიის" ეთერში
კომენტარი