სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, ბოგდან ბორუსევიჩთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. „საქართვლოს პარლამენტი მოხარულია უმასპინძლოს პოლონეთის სენტის დელეგაციას, რომელსაც სენატის მარშალი, ბოგდან ბორუსევიჩი ხელმძღვანელობს. საქართველოს და პოლონეთს შორის საუკუნეების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სრულიად უნიკალური სათანამშრომლო ატმოსფერო, რომელიც დღესაც გრძელდება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა მისალმებისას.

შეხვედრაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ორ ქვეყნას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმარმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის. მან სამძიმარი გამოთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„დღეისთვის მაღალ დონეზეა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს ჩვენ, ქართველებს ძალიან გვახარებს. ამ საკითხში პარლამენტებს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მე მოხარული ვარ, რომ პოლონეთის სენატს ხელმძღვანელობს ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, როგორიც არის ბოგდან ბორუსევიჩი, რომლის ყურადღების არეალში საქართველო ყოველთვის არის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდგომ გასაწევი სამუშაოების თაობაზე. „შევთანხმდით, რომ დარგობრივი კომიტეტების დონეზე იქნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტმა სწრაფად და ხარისხიანად მოახერხოს იმ სტანდარტების დანერგვა ქართულ კანონმდებლობაში, რასაც ევროკავშირთან ასოცირება გვავალდებულებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პოლონეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ინტეგრაციას ნატოში.

„დარწმუნებული ვარ, პოლონეთის სენატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს. საქართველო და პოლონეთი კიდევ უფრო ხელჩაკიდებულნი ერთად გავაგრძელებთ სვლას დემოკრატიისა და განვითარებისკენ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უკვე მეოთხედ ხვდება. მან მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს მოწვევისთვის.
„საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი საქართველოსა და პოლონეთის განსაკუთრებული თანამშრომლობისა და ურთიერთობისთვის. ეს ვიზიტი მნიშვნელოვან პერიოდში მიმდინარეობს. ეს არის დრო როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან - ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. გარდა ამისა, საქართველო იმყოფება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რეალური თვითმმართველობის განვითარებას. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც საქართველოში მოღვაწეობდა პოლონეთის სენატის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები. საქართველო რეალურად დაადგა გზას ევროპული მიმართულებით, რომლიდანაც გადახვევას არ აპირებს“, - განაცხადა ბოგდან ბორუსევიჩმა.

„საქართველოსა და ნატოს კავშირს რაც შეეხება, ნატოში მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩვენ, პოლონეთს მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას მხოლოდ ნატოსა და საქართველოს ურთიერთმოლაპარაკებების გზით და არ უნდა მოხდეს გარე ძალების ზეწოლა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაც არის საქართველოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილება. მათი ერთმანეთთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე“, - განაცხადა სტუმარმა.
იგი მიესალმება საქართველოს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. მოხარული ვართ, რომ მიმდინარეობს შეხვედრები რუსეთის მხარესთან. მიუხედავად იმისა, რომ მაინც კარგია, რომ გრძელდება მოლაპარაკებები და დიალოგი აქტიურ ფაზაშია შესული. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დ არ ეთანხმება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას“, - განაცხადა ბოგდან ბორუსევიჩმა.

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს მოახდენს. აღნიშნული, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, მიმართავს.

„სარატიფიკაციო დოკუმენტი უახლოეს დღეებში მთავრობიდან პარლამენტს წარედგინება. მომავალი კვირის განმავლობაში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები, ხოლო 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება. გამორიცხული არ არის, ამ დღეს საქართველოში მაღალი დონის სტუმრები ჩამოვიდნენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებს პოლონეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებას გამოეხმაურა პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბოგდან ბორუშევიჩი. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით პოლონეთის პარლამენტში არავითარი პრობლემა არ არსებობს და მას შემდეგ, რაც საგარეო უწყება პარლამენტს სარატიფიკაციო ტექსტს მიაწვდის, უმოკლეს ვადაში მოხდება მისი რატიფიცირება.

"პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, ვინც ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს", - განუცხადა ჟურნალსიტებს პოლონეთის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100