სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული პარტიის“ კრახი - „ოქრომ“ ვერც „ონკანი“ გადაკეტა და ვერც - გზა

დღეს „ქართულმა პარტიამ“ ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის პრორუსულობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის გუნდი იმუქრებოდა, ონკანს გადავკეტავთო, მათ, მომიტინგეთა რეკორდული სიმცირის გამო, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაც კი ვერ შეძლეს. საელჩოს წინ, საპროტესტო აქციის გამართვა კანონით აკრძალულია, ამის გამო კიწმარიშვილსა და სუბარს, გზის მეორე მხარეს, შედარებით ხმამაღლა საუბარი მოუწიათ - ბატონი ჯონ ბასისთვის ხმა რომ მიეწვდინათ...

აქციაზე „ქართული პარტიის“ მხარდამჭერებმა შეკრება დღის პირველი საათიდან დაიწყეს. ლიდერები მოქალაქეთა შეკრებას, სამ საათამდე ელოდნენ, თუმცა მათი პროტესტის მოსასმენად, მხოლოდ 500–მდე ადამიანი მივიდა. ხუთასი მომიტინგიდან კი ნაწილმა არც იცოდა, რატომ იყო მისული ამერიკის საელჩოსთან. ქართული პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, ჟურნალისტების მისამართით, აგრესიული დამოკიდებულება იგრძნობოდა.

„რაში გაინტერესებთ რისთვის მოვედი? გზაზე მივდიოდი, დავიღალე და გავჩერდი დასასვენებლად“, - განგვიცხადა შუახნის მამაკაცმა. ლევან გაჩეჩილაძის გულშემატკივართა ნაწილი კი, გვთხოვდა დრო მიგვეცა მოსაფიქრებლად, ეთქვათ, თუ რატომ მივიდნენ აქციაზე. ნაწილის პასუხი კი ასეთი იყო: „გამოვიარე, ხალხი დავინახე შეკრებილი და გავჩერდი“.

საელჩოს წინ, საგანგებოდ გაშლილი მაგიდები იდგა, რომელზეც მზესუმზირა, მიწისთხილი და გამაგრილებელი სასმელები იყიდებოდა. მზესუმზირის გამყიდველმა ჩვენ შეკითხვაზე, ჰყიდის თუ არ სხვა დღეებშიც აშშ–ს საელჩოსთან „მზესუმზირას“ - ასეთი პასუხი გაგვცა. „მე ყოველთვის იქ ვყიდი მზესუმზირას, სადაც მიტინგებია. კარგად იყიდება. დღესაც აქ ამიტომ მოვედი, ვიცოდი მიტინგი იქნებოდა“. აშკარაა, რომ მიტინგეებიდან ყველაზე მოგებული, სწორედ მზესუმზირის გამყიდველი რჩება...

პარტიის ლიდერებს აქცია დღის 2 საათზე ჰქონდათ დაანონსებული. ლიდერების გამოჩენამდე, მომიტინგეები ხვადასხვა თავშესაქცევით ირთობდნენ თავს. ნაწილი მონატრებულ მზეს ეფიცხებოდა, ნაწილი კი ბალახზე, წამოწოლილ მდგომარეობაში ელოდა ლიდერთა გამოჩენას.

ის ის იყო, მიტინგზე ადრიანად მისულ „ქართული პარტიის“ აქტივისტებს კინაღამ ჩაეძინათ, რომ მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა.

ჟურნალისტები „ინცინდენტის“ ადგილისკენ გაემართნენ. როგორც გაირკვა, არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. საელჩოსთან ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებიც სახეზე მურწასმულები შეუერთდნენ აქციას.

როდესაც ვკითხეთ, რას ნიშნავდა მათ სახეზე ხელოვნური ნიღბები და მური, გვითხრეს, რომ ეს მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო.

ვიდრე ფოტორეპორტიორები გამურულ ახალგაზრდებს დასდევდნენ, აშშ–ს საელჩოსთან როგორც იქნა „ქართული პარტიის“ ლიდერებიც გამოჩნდნენ... თუმცა, როდესაც ისინი თავიანთ 500-მდე მხარდამჭერს მიუახლოვდნენ, მათ სახეზე ხელოვნური ოპტიმისტიც კი გაქრა... აშკარა იყო, „ქართული პარტიის“ ლიდერებს თავიანთ რუსულ თამაშში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ეცოტავათ...

პარტიის მცირერიცხოვან მიტინგს, ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, სოფო ხორგუანი და თეო ტლაშაძე ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც პრესაში კოკა გუნცაძის მიერ, პარტიის დატოვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გუნცაძე მათთან ერთად აღარ გამოჩენილა. როდესაც სოზარ სუბარს ვკითხეთ, სად იმყოფებოდა გუნცაძე, განგვიცხადა, რომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

„ამ წუთას სად არის ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გამოჩნდება ჩვენთან ერთად“, - ასე „ბრძნულად“ გვიპასუხა სუბარმა.

მიტინგის დაწყებამდე, ლიდერები პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდნენ. გამონაკლისი ეროსი კიწმარიშვილი იყო, რომელმაც ქართულ მედიას გვერდი აუარა და რუსულ არხებს უყვებოდა საკუთარი სტრატეგიის შესახებ. მის ამ საქციელში კი ზოგიერთმა ჟურნალისტმა გარკვეული სიმბოლოებიც დაინახა და აღნიშნა: „ეროსი მათიანია“.

„ღარიბი“ მიტინგი დღის სამი საათისთვის დაიწყო, რომელიც სოზარ სუბარმა გახსნა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ამერიკის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ხელისუფლების მხარდაჭერა და მისი ფინანსური დახმარება... სუბარს არც ეროსი კიწმარიშვილი ჩამორჩა.

აქცია კიწმარიშვილსა და სოზარ სუბარს მიჰყავდათ. მიკროფონთან არ გამოჩენილა ლევან გაჩეჩილაძე (როგორც ჩანს, ხალხის სიმცირის გამო) რომელიც მეგაფონებიდან, საკმაოდ მოშორებით იდგა და მასლაათით ირთობდა თავს.

ჟურნალისტებს რომ არ შეემჩნიათ, კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი გაჩეჩილაძე, ხან მანქანებს ეფარებოდა და ხანაც - ხეებს. ამის მიუხედავად, ის „პრესა.ჯი“-ს მხედველობის არეს მაინც არ გამოჰპარვია. როდესაც მისი მიმართულებით წავედით „გაქცევა“ დააპირა, მაგრამ ჩვენი აჩქარებული ნაბიჯის შემდეგ, მიხდვა მის არანაირ მანევრს აზრი არ ჰქონდა...

– გისმენთ, ვიცი ჩემთან მოდიხართ...

– დიახ, როგორ მიხვდით?...

– რა გნებავთ?

– რამდენიმე კითხვა გვაქვს და აუცილებლად უნდა გვიპასუხოთ...

– საუბარი რომ მდომებოდა, მიკროფონში ვიტყოდი

– რას აპროტესტებთ დღევანდელ დღეს?

– ქვეყნის საგარეო კურსი გადასახედია, ამიტომ ვფიქრობ ამერიკასთან პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. აშშ აფინანსებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და ამით ასულდგმულებს მას.

– რუსეთის წინააღმდეგ რატომ არ მართავთ აქციებს?

– თუ საჭიროება იქნება, არც მაგათ მოვერიდებით. ამ ეტაპზე, მაგის საჭიროებას ვერ ვხედავთ.

– როდის გაიმართება მორიგი აქცია?

– გაიგებთ მალე.

– თქვენ თქვით, რომ 16 მაისს გახდებოდა ცნობილი მორიგი შეკრების დრო და ადგილი...

– ხოდა გაიგებთ 16–ში, დრო ჯერ კიდევ დარჩენილია.

– „ქართულმა პარტიამ“ ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, ითანამშრომლოს მათთან, თქვენ შეურიგდებით ბურჯანაძეს?

– ჩემი ფორმულა არის, ყველანი ხელისუფლების წინააღმდეგ.

– თქვენ და ნინო ბურჯანაძე უახლოეს მომავალში ისევ ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩნდებით?

- მგონი გასაგებად ავხსენი“.

მიტინგი დასასრულს დღის 4 საათისთვის მიუახლოვდა. გამურული ახალგაზრდები, სამარშრუტო ტაქსებისკენ გაემართნენ, ჯგუფ–ჯგუფად შეკრებილი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი კი, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ „ქართული პარტიის“ აქცია წარმოუდგენლად წარუმატებელი გამოდგა.

„ხალხი არ მოვიდა, კარგით რა, ყველას ხომ არ ჩაკეტავდნენ სახლებში? მოსვლა რომ სდომოდათ, მოვიდოდნენ. ჩვენ პარტიის წევრები ვართ და იმიტომ მოვედით. ის გროშებიც რომ არ დამიქვითონ, რასაც პარტია მაძლევს. ხალხი კი, ამ ოქრუაშვილის დაყვირებაზე არ დადის რა, ახლა, მაგას რამდენი მოუნდება, იმდენჯერ თუ ვიხტუნავეთ, ასეთი არც მაგათი პარტიის ფული მინდა და არც მაგათი პროტესტი“, - ეუბნებოდა „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი აქტივისტი მეგობარს...

მცირერიცხოვანი მიტინგი ისე დასრულდა, რომ პარტის ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ, მორიგ შეკრებას სად ან როდის გამართავენ. არც იმაზე უსაუბრიათ, 21 მაისს, შეიკრიბებიან თუ არა ლოკომოტივის სტადიონზე. ანტიამერიკული და პრორუსული განცხადებების შემდეგ, „ქართული პარტიის“ ლიდერები სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანებში და „გაქუსლეს“...

წყარო: http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=5246

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100