აზარაშვილმა სკანდალური წერილი 4 ჯერ ჩაასწორა - ექს მინისტრი ზეწოლაზე საუბრობს
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური წერილი შეცვალა - ახალ, შეცვლილ, ტექსტში ზურაბ აზარაშვილი ზეწოლაზე ალაპარაკდა. უფრო კონკრეტულად, პირველი, გამოსამშვიდობებელი ტექსტი, რომელიც დღეს, 4 მარტს, 11:08 საათზე გამოქვეყნდა, აზარაშვილმა მინიმუმ 4 ჯერ ჩაასწორა. ბოლო ჩასწორება 13:19 საათზე განხორციელდა.
განახლებულ ტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, ყოფილ პრემიერს აქებს და ხაზს უსვამს ექსპრემიერის "მენეჯერულ" თვისებებს.
პოსტში აზარაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით „გახდა შესაძლებელი სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება”.
აზარაშვილი უცვლელად ტოვებს მთავარ მინიშნებას, რომლის მიხედვითაც ის გარკვეული ჯგუფის ბიზნეს ინტერესებს შეეწირა, თუმცა განახლებულ ვერსიაში არსად წერია, ვისგან მოდიოდა ზეწოლა.
"სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი - პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა." - წერს შეცვლილ ტექსტში მთავრობის ყოფილი წევრი.
ამასთან აზარაშვილი "ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ფაქტებზე" თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ალაპარაკდა.
"კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა." - აღნიშნავს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.
ზურაბ აზარაშვილი წერს რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის და მის ინიციატივით უნდა დანგრეულიყო.
„ბოლო 20 წელია, შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე”. – წერს ზურაბ აზარაშვილი.
კომენტარი