აბა, ბიძინა, გვითხარი - ვინ დაიწყო ომი? (ვიდეო)
პოლიტიკოსი, რომელიც სათქმელს მწყობრად ვერ აყალიბებს, დღენიადაგ დაძაბულია და ზეპირად მხოლოდ „საქართველოს გაუმარ-ჯოს!“ ან მისალმება ეხერხება, ქართველებში არასდროს იყო პოპულარული.
ქართველები მუდამ აქცევდნენ ყურადღებას, საჯარო გამოსვლების დროს ვის როგორ ეჭირა თავი: ალბათ, არ ღირს იმ ორატორული ნიჭით დაჯილდოებულთა ჩამოთვლა, რომელთა გამოსვლებსაც მიტინგებზე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდიდან უსმენდნენ...
ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს და მისი ზენიტის - 9 აპრილის დადგომისას ბიძინა ივანიშვილი ლებედთან მეგობრობითა და ფულების „მოღუნვით“ იყო დაკავებული. მართალია, მერე ამ ფულის დიდი ნაწილი საქართველოშიც მოახმარა ქველმოქმედებას, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია მისთვის: ცნობილია, რომ სისასტიკით სახელგანთქმული მაფიოზებიც პატრონობდნენ ღარიბ ოჯახებს, ერთი ყველაზე პირსისხლიანი მაფიოზი კი ორ კვირაში ერთხელ ღარიბთა უბანში პურით დატვირთულ მანქანას აგზავნიდა, საიდანაც პურს პირდაპირ ქუჩაში არიგებდნენ.
თანაც, შედარებისთვის: ის მაფიოზები მართლა უპოვართ უწევდნენ დახმარებას, განსხვავებით ივანიშვილისგან: საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სია, ვინც წლების განმავლობაში იღებდნენ ივანიშვილის „პრემიას“... ფულის შოვნა და ქველმოქმედება გვერდზე გადავდოთ და ივანიშვილის უცნაურ ტრანსფორმაციაზე ვისაუბროთ. როგორც ჩანს, ერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც, ივანიშვილის მორიგი „მარგალიტის“ მოსმენისას აღმოხდა: „არა რა, ვერ დავიჯერებ, რომ ამას ზუსტად ასე ფიქრობს, მე მგონი, ეს კაცი სრულიად ერს „ეკაიფება!“.
ჟარგონისთვის მომიტევეთ, მაგრამ თან დამეთანხმეთ, რომ ეს სიტყვა ყველაზე უკეთ გამოხატავს ივანიშვილის დამოკიდებულებას საზოგადოებრივი აზრის მიმართ და თუ იმასაც გაიხსენებთ, რომ ივანიშვილთან მიმართებაში ეს სიტყვა „გვეკაიფება“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გესმით თქვენს ირგვლივ მყოფთაგან, დიდად დამავალებთ...
მოკლედ, ივანიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მის მიმართ რამდენჯერმე აგრესიის გამოვლენა და კარალეთში ქვების სროლა (მართალია, თვითონ არ მოხვედრია, მაგრამ მისი პოზიციაც იყო დამნაშავე) დასჭირდა, რომ მიმხვდარიყო: საქართველოსთვის ომის დაწყება არ უნდა დაებრალებინა. არადა, იმასაც ხომ ვერსად წაუვა, რომ დააბრალა: „ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები“.
იფიქრა, იფიქრა და ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გაუნათდა გონება: „ომი საქართველოს არ დაუწყია - ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე“, - მოგვიანებით მან ეს სიტყვები გორში გამართულ მიტინგზეც გაიმეორა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქეთ დაგვამუნათა: რაღაცეებს მიგონებთ, როდის ვთქვი, რომ ომი საქართველომ დაიწყოო.
რას ვიზამთ, ბატონო ბიძინა, ნოდარ დუმბაძის ციტირება რომ დილიდან საღამომდე დაუღალავად შეგიძლიათ, თქვენგანვე ვიცით და ერთ ციტატას გაახლებთ, გაგახსენდებათ, საიდანაა: „ფაქტი ჯიუტია, მაგრამ შენ ფაქტზე ჯიუტი ყოფილხარ!..“ - არადა, ფაქტი თქვენს საკუთარ ტელევიზიაშიც შეგიძლიათ ნახოთ, თუ მაინცდამაინც ამ ვიდეოს არ დაუჯერებთ და დამონტაჟებულად მიიჩნევთ...
კომენტარი